ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) საბჭომ რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის წევრობა დროებით შეაჩერა.
ამის შესახებ ინფორმაცია FIDE-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ რუსეთმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) მოთხოვნა არ შეასრულა.
საქმე 2024 წლიდან იღებს სათავეს. მაშინ, უკრაინის ჭადრაკის ფედერაციის საჩივრის საფუძველზე, რუსეთის ჭადრაკის ფედერაციას FIDE-ის წევრობა 2 წლით შეუჩერდა ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე საქმიანობის გამო.
რუსეთმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და FIDE-მა 2-წლიანი დისკვალიფიკაცია 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმით ჩაანაცვლა. თუმცა, უკრაინამ ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა.
საბოლოოდ, CAS-მა უკრაინის მხარე დაიჭირა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის ქმედებები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნიდა და FIDE-ის წესებს არღვევდა.
CAS-მა ასევე მიიჩნია, რომ მხოლოდ ჯარიმა არასაკმარისი სანქცია იყო და რუსულ ორგანიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის შეწყვეტა 90 დღის ვადაში დაავალა.
სასამართლომ გააფრთხილა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზაცია FIDE-დან მაქსიმუმ 3 წლით შეიძლება გაერიცხათ. ამ გადაწყვეტილების შესრულების ვადა 9 ივნისს ამოიწურა.
FIDE-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები მხოლოდ რუსეთის ჭადრაკის ფედერაციას ეხება და არა ინდივიდუალურ მოჭადრაკეებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუს მოჭადრაკეებს კვლავ შეუძლიათ საერთაშორისო ტურნირებზე კვალიფიკაციის მოპოვება და მონაწილეობა.