კილიან მბაპეს მოულოდნელმა და ხანმოკლე გამგზავრებამ პარიზში, მადრიდის რეალის კულუარებსა თუ ესპანურ მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა და კრიტიკა გამოიწვია.
სანამ ყველა ელოდა, რომ სამეფო კლუბი მომავალი მატჩებისთვის მზადებაზე იქნებოდა კონცენტრირებული, ფრანგმა ვარსკვლავმა სამშაბათს, დილის ვარჯიშის დასრულებისთანავე ესპანეთი დატოვა და მადრიდში იმავე საღამოს დაბრუნდა. 6-საათიანმა მოგზაურობამ მბაპეს მისამართით კრიტიკა გაამწვავა, განსაკუთრებით სანაკრებო პაუზაზე მისი არცთუ ისე დამაჯერებელი თამაშის ფონზე.
თუმცა, ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გავრცელებული ჭორები „გაქცევის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ვოიაჟი კლუბის ხელმძღვანელობასთან წინასწარ იყო შეთანხმებული.
გაირკვა, რომ მოგზაურობას წმინდა ჰუმანიტარული ხასიათი ჰქონდა, მბაპე დაესწრო საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელსაც თავისივე ფონდი აფინანსებს და დრო ბავშვებთან ერთად გაატარა.
რეალის მენეჯმენტში მიიჩნევენ, რომ ფრანგი ვარსკვლავის ყოველი ნაბიჯი მედიის მიერ ზედმეტად დრამატიზებულია. საგულისხმოა ისიც, რომ მბაპე ერთადერთი არ არის, ვინც დასვენების დღეები პირადი ვალდებულებებისთვის გამოიყენა, ჯუდ ბელინგემი სარეკლამო გადაღებებისთვის 2 დღით ლონდონში გაემგზავრა. შესაბამისად, ფრანგი ფეხბურთელის ქმედება ვარსკვლავური სტატუსის მქონე მოთამაშეებისთვის სავსებით ნორმალური და დაშვებული პრაქტიკაა.