-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟოზე მოურინიოს სტილში ჩატარებული საუბარი, მკაცრი ტონი და კრიზისული სიტუაციისთვის დამახასიათებელი დაძაბული ატმოსფერო.
სამშაბათს, რეალის საწვრთნელ ბაზა ვალდებებასზე, კილიან მბაპესთვის საუზმე ერთგვარ დისციპლინურ განხილვად გადაიქცა.
უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ფეხბურთელის გახმაურებული გასვლები და მისი კომუნიკაცია გახდა, რომელიც კლუბში მკურნალობის პროცესთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს.
საფრანგეთის ნაკრების მაისურით თამაშისას, სექტემბრის ბოლოს მარცხენა მუხლის ტრავმის მიღების შემდეგ, „ლურჯების“ კაპიტანი ესპანურ მედიაში დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა.
პარიზში ესტერ ექსპოსიტოსთან ერთად ღამის გასვლამ და შემდეგ შვეიცარიის ალპების ციცაბო გზებზე ველოსიპედით სეირნობის ამსახველმა ვიდეომ რეალის გულშემატკივრების ნაწილის გაკვირვება და გაღიზიანება გამოიწვია.
ესპანურმა პრესამ ფრანგი ფეხბურთელის საქციელი მალევე შეაფასა, როგორც კლუბის მიმართ ერთგვარი უპატივცემულობა.
სიტუაციის გამწვავების ფონზე საქმეში „განსაკუთრებული“ ჩაერთო. მკაცრი მენეჯერის რეპუტაციის მქონე პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავის მე-9 ნომერს პირადად ესაუბრა.
El Chiringuito-ს ინფორმაციით, საუბარი პირდაპირი და ყოველგვარი შელამაზების გარეშე წარიმართა.
გავრცელებული ცნობით, მოურინიომ ფეხბურთელი მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ რეაბილიტაციის პერიოდში მსგავსი კადრების გამოქვეყნება გადაწყვიტა.
„ჟოზე მოურინიოს საუზმის დროს კილიან მბაპესთან პირისპირ საუბარი ჰქონდა და ამ შეხვედრაზე მას საკმაოდ მკაცრად უსაყვედურა“, - განაცხადა ესპანური მედიის ჟურნალისტმა.
„მან უთხრა: ‘შენ საკმარისად...’ - ზედსართავ სიტყვას აღარ გავიმეორებ - ‘...ხარ იმისთვის, რომ ეს გამოაქვეყნო?’ შემდეგ კი დაამატა: ‘გარეთ, როდესაც შენზე კითხვებს დამისვამენ, დაგიცავ, მაგრამ აქ - არა, აქ არ დაგიცავ.’“
ეს მოურინიოსთვის კარგად ნაცნობი მიდგომაა, საჯაროდ საკუთარი გუნდისა და ფეხბურთელების დაცვა, თუმცა პრობლემების შიდა სივრცეში მკაცრად მოგვარება.
ამ გაფრთხილებამ შესაძლოა სპორტული თვალსაზრისითაც იქონიოს გავლენა.
მბაპეს მიზანი შაბათს, სანტიაგო ბერნაბეუზე ვილიარეალის წინააღმდეგ მოედანზე დაბრუნებაა, თუმცა მისი სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შანსები შემცირდა.
მწვრთნელთან საუბრის შემდეგ თავდამსხმელს გუნდურ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. ამავე დღეს ის პარიზშიც გაფრინდა და იქიდან მალევე დაბრუნდა.
ეს კიდევ ერთი ეპიზოდია მბაპესთვის საკმაოდ ხმაურიან კვირაში და შესაძლოა, საბოლოოდ, მოურინიოს გადაწყვეტილებაზეც იმოქმედოს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა შეხვედრა თავისი მთავარი ბომბარდირის გარეშე დაიწყოს და მბაპე სათადარიგოთა სკამზე დატოვოს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები