წინა ტურში მეკარე ბენტოს უხეში შეცდომის მიუხედავად, რომელმაც ალ-ნასრის გეგმები დროებით შეაფერხა, კრიშტიანუ რონალდუს შანსი აქვს საუდის არაბეთის ფეხბურთში თავისი პირველი ოფიციალური ტიტული მოიგოს.
საუდის პრო ლიგის ბოლო, 34-ე ტურში ჟორჟე ჟესუსის ალ-ნასრი დამაკს მასპინძლობს. ამ შეხვედრაში გამარჯვება რონალდუსა და მის გუნდს ჩემპიონობას ავტომატურად გაუნაღდებს.
ალ-ნასრი სატურნირო ცხრილს 83 ქულით ლიდერობს და სრულად საკუთარ თავზეა დამოკიდებული. გუნდს ჩემპიონობის ზეიმი გამარჯვების გარეშეც შეუძლია, თუ კონკურენტების მატჩი მათთვის სასურველი შედეგით დასრულდება:
ფრეს შემთხვევაში: ალ-ნასრი ჩემპიონი გახდება, თუ მისი მთავარი მდევარი ალ-ჰილალი ფეიჰასთან შეხვედრაში ქულებს დაკარგავს (ფრეს ითამაშებს ან წააგებს).
მარცხის შემთხვევაში: ოქროს მედლები მაინც რონალდუს გუნდს დარჩება, თუ 2 ქულით უკან მყოფი ალ-ჰილალი ბოლო ტურში თავადაც დამარცხდება.
ალ-ნასრის ჩემპიონობის გაფორმება წინა ტურშივე შეეძლო. გუნდი პრინციპულ მეტოქე ალ-ჰილალს მატჩის მიწურულამდე უგებდა, თუმცა ბრაზილიელი მეკარის, ბენტოს უხეშ შეცდომას მეტოქის საპასუხო გოლი და ფრე მოჰყვა.
VIDEO: კურიოზის გამო ჩაშლილი ზეიმი - რონალდუს გუნდის გაჩემპიონება გადაიდო
რაც შეეხება ინდივიდუალურ მაჩვენებლებს, კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე სეზონში 26 გოლი აქვს გატანილი და საუდის პრო ლიგის ბომბარდირთა სამეულში შედის. ის მხოლოდ ალ-აჰლის თავდამსხმელ ივან ტონისა (32 გოლი) და ალ-კადსიას შემტევ ხულიან კინონესს (30 გოლი) ჩამორჩება.