ენდრიკის აგენტმა, ტიაგო ფრეიტასმა, დაადასტურა, რომ თავდამსხმელი ლიონში იჯარის დასრულების შემდეგ მადრიდის რეალში დაბრუნდება.
„ენდრიკი ლიონში ექვსთვიანი იჯარით იმყოფება. გადაწყვეტილება მიღებულია — სეზონის ბოლოს ის რეალში დაბრუნდება. აქ არანაირი ორაზროვნება ან საიდუმლო არ არსებობს.
შეთანხმება გაფორმებულია იჯარის წესით, გამოსყიდვის უფლების გარეშე, ამიტომ ენდრიკი აუცილებლად დაბრუნდება.
არ შემიძლია წინასწარ განვჭვრიტო, რა მოხდება შემდეგ სეზონში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ სეზონის ბოლოს ენდრიკი კვლავ რეალის მოთამაშე გახდება“, — განაცხადა ფრეიტასმა.
ლიონის მაისურით ამ სეზონში ბრაზილიელმა 6 მატჩის ჩატარება მოასწრო და 5 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, ნანტთან ლიგა 1-ს ბოლო ტურში კი ის მოედნიდან გააძევეს.