სენტ ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა იან კათრომ ნანტთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ზურიკო დავითაშვილის სათამაშო დროსა და მის როლზე ისაუბრა.
შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა:
სანაკრებო პაუზის შემდეგ ზურიკო დავითაშვილი ავად გახდა. შესაძლოა, ესეც იყო სათამაშო დროის მცირედით კლების მიზეზი. მინდა აღვნიშნო ბოლო მატჩში მისი თამაში - ის ბრწყინვალე იყო დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს, ავლენდა უმაღლეს ინტენსივობას და ეს ძალიან მომწონს. ზოგადად კი, ეს რედ სტართან შეხვედრაში არამხოლოდ ზურიკოზე, მთელ გუნდზე ითქმის.
კათრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზურიკო მუდამ ღიაა ახალი მოთხოვნებისთვის:
გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, ფეხბურთელისთვის იოლი არ არის ახალ მოთხოვნებზე გადაწყობა. ამისთვის საჭიროა, რომ ადამიანი ღია იყოს ცვლილებებისთვის და ზურიკო სწორედ ასეთია. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი და კარგი ხასიათის მქონე არაჩვეულებრივი ადამიანია. ძალიან მიხარია, რომ ასეთი დონის ფეხბურთელთან მუშაობის საშუალება მაქვს. ძალიან გაგვიმართლა, რომ ის გვყავს
იან კათრომ განმარტა, რომ გუნდში ფეხბურთელები ძირითადებად და სათადარიგოებად არ იყოფიან და წარმატების გასაღები სწორედ 22-კაციანი ერთობლივი ძალისხმევაა.