მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმე წონითი კატეგორიების დაწყებასთან ერთად, ბაქოში დაძაბულობაც იმატებს.
-90 კგ წონით კატეგორიაში გამოკვეთილი ფავორიტი მსოფლიოს პირველი ნომერი სანშირო მურაოა (იაპონია).
სურათი მარტივია: პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალში ლაშა ბექაურთან მარცხის შემდეგ იაპონელი ძიუდოისტი აღარ დამარცხებულა. შეძლებს ის ამ სერიის ბაქოშიც გაგრძელებას? კონკურენცია უმაღლესი დონის იქნება.
1/8 ფინალში მურაო შესაძლოა სწორედ ლაშა ბექაურს შეხვდეს, 1/4 ფინალში კი ამ წყვილის გამარჯვებულის სავარაუდო მეტოქე 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ნემანია მაიდოვი (სერბეთი) იქნებაა, რომლის ხისტ და ძალისმიერ ძიუდოსთან გამკლავება ყოველთვის რთულია.
შემდეგ ეტაპზე კი შესაძლოა 1/2 ფინალი რაფაელ მასედოსთან (ბრაზილია) შედგეს, თუკი ბრაზილიელი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსან მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ამბუს (საფრანგეთი) დაამარცხებს.
პოდიუმისთვის ბრძოლაში ჩასართავად მასედოს საკუთარი თანაგუნდელის, გილერმე შმიდტის (ბრაზილია) ბარიერის გადალახვაც მოუწევს. და ეს მხოლოდ ბადის ზედა ნახევარია!
ბადის ქვედა ნაწილში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პრეტენდენტი 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე იქნება, რომელმაც 3 წლის წინ ფინალში ლაშა ბექაური დაამარცხა.
თუმცა, რას უნდა ველოდოთ გოკი ტაჯიმასგან (იაპონია)? სავარაუდოდ, მას თანაგუნდელების წარმატებული გამოსვლა დამატებით მოტივაციას მისცემს.
ასევე საინტერესოა, რას შეძლებს მურად ფატიევი (აზერბაიჯანი), რომელსაც მასპინძელი გულშემატკივრების ძლიერი მხარდაჭერა ექნება.
ეს მხოლოდ რამდენიმე სახელია მათ შორის, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 დღეს ყურადღების ცენტრში იქნება.
ლაშა ბექაური დღის პირველ შეხვედრას სამხრეთ კორეელი მინკი სონგის წინააღმდეგ გამართავს, ლუკა მაისურაძე კი პირველ ეტაპს გამოტოვებს და მეორე რაუნდში რუს ეგორ ანდონისა და სერბ ბორის რუტოვიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ბექაური და მაისურაძე ბადის სხვადასხვა მხარეს არიან, შესაბამისად არსებობს შანსი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 2023 წლის ქართული ფინალი განმეორდეს.
ხვალ ქალთა -70 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს ნინო გულბანიც, რომელიც ჩინელ ინგინგ ფენგს შეხვდება.
რომელ ადგილზეა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში?