საქართველოს ლიგა 4-ს დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს, თუმცა მისი სერია გაცილებით უფრო ხანგრძლივი და შთამბეჭდავია, ვიდრე მხოლოდ 2026 წლის სეზონში წაუგებელი სვლა.
ლიგა 4-ის წლევანდელ გათამაშებაში 18 ტური ჩატარდა, ბათუმის ვესტ ჯორჯიას 12 მოგება და 6 ფრე აქვს, რითაც პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ თბილისის არაგველებს 6 ქულით უსწრებს.
ახლო წარსულში დინამო ბათუმისა და შუქურა ქობულეთის ფეხბურთელის, ვაკო თევდორაძის გაწვრთნილი ვესტ ჯორჯია ახალი დაარსებული კლუბია და პირველი ოფიციალური შეხვედრა 2025 წლის 31 მარტს ჩაატარა - რეგიონალურ ლიგაში ეგრისს 3:1 მოუგო.
აჭარლებმა 2025 წლის რეგიონალური ლიგის სეზონი 28 მოგებითა და 2 ფრით დაასრულეს, მიმდინარე სეზონის ლიგა 4-ში კი, როგორც გითხარით, 12 მოგება და 6 ფრე აქვთ.
შედეგად, ბათუმური გუნდი არსებობის განმავლობაში ოფიციალურ შეხვედრაში ჯერ არ დამარცხებულა და 48-თამაშიანი წაუგებელი სვლა აქვს - 40 მოგება, 8 ფრე.
ვესტ ჯორჯია ლიგა 4-ის შემდეგ ტურში, 11 სექტემბერს, მე-11 ადგილოსან ალგეთი მარნეულს სტუმრად ხვდება, შემდეგ მერანი მარტვილი 2-ს უმასპინძლებს (18 სექტემბერს), ხოლო 24 რიცხვში კოლხეთი 1913 2-ს ასევე გასვლაზე დაუპირისპირდება.
ფოტო: ვესტ ჯორჯია