ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართული ისტორიული ტურნირი UFC Freedom 250 ჯასტინ გეიჯის ტრიუმფით დასრულდა.
მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრების გამაერთიანებელ ბრძოლაში ამერიკელმა ილია თოფურია ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. გეიჯი კარიერაში მესამე ცდიდან 155 ფუნტის უდავო ჩემპიონი გახდა.
ბრძოლა ნამდვილ ომად იქცა, თუმცა ვიზუალურად სპორტსმენებს დაზიანებები სრულიად განსხვავებულად დაეტყოთ. თოფურიამ მძიმე სახის ტრავმები მიიღო (მათ შორის ორბიტალური ძვლის მოტეხილობა, ძლიერი სისხლჩაქცევები და თითქმის სრულად დახურული თვალები), მაშინ როცა ახალი ჩემპიონი პრაქტიკულად უნაკაწროდ გადარჩა.
პეტ მაკაფის შოუში სტუმრობისას, ჯასტინ გეიჯიმ განმარტა, თუ როგორ აარიდა თავი სახის სერიოზულ დაზიანებებს თოფურიას უძლიერესი დარტყმების ფონზე:
ამის საიდუმლო ერთ სიტყვაშია - თაიმინგი (დროის შერჩევა). თუ ბრძოლას კადრ-კადრად დააკვირდებით, ნახავთ, რომ მე მუდმივად ვფანტავდი იმ ენერგიას, რომელსაც ილია სწორ ხაზზე მიგზავნიდა. მისი დარტყმები ჩემს სახესა და სხეულზე მხოლოდ სხლტებოდა. ეს კომპიუტერული კოდის დამუშავებას ჰგავს, სადაც მუდმივად აკეთებ კორექტირებას. ყოველ 1-2 წამში ვახერხებდი მისი ფეხების პოზიციის არევას და იდეალური ბრძოლა ჩავატარე.
მიუხედავად ასეთი შეფასებისა, ახალ ჩემპიონს უმძიმესი მომენტის გადატანა მოუწია მეორე რაუნდში, როდესაც თოფურიამ ღვიძლში მიყენებული დარტყმით ის ნოკდაუნში გაგზავნა, თუმცა გეიჯიმ ამ შტურმს გაუძლო და რეაბილიტაცია შეძლო.