ესპანელი მსახიობი ესტერ ექსპოსიტო მისი პირადი ცხოვრებისა და მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელთან, კილიან მბაპესთან ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა.
გაზაფხულზე გავრცელდა ცნობები, რომ წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის დროს და მის შემდეგ ქსელში ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ყალბი ფოტოები და პოსტები გავრცელდა.
კერძოდ, ვირუსულად გავრცელდა AI-ით შექმნილი სურათები, სადაც მბაპე თითქოს დროს სხვა ქალთან ატარებდა.
„ბოლო თვეების, განსაკუთრებით კი ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცრუ და ცილისწამებლური პოსტები ჩემსა და ჩემს პირად ცხოვრებაზე, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.
ეს არის აბსურდული ფეიკები, რომლებიც შექმნილია ერთადერთი მიზნით – შებღალონ ორი ადამიანის ისტორია და შელახონ ჩემი ღირსება.
ყველაფერი ნებადართული არ არის. ამჯერად იძულებული ვარ ზღვარი გავავლო და გამოვიყენო სამართლებრივი ინსტრუმენტები მათ წინააღმდეგ, ვინც ამის უკან დგას“, – განაცხადა ექსპოსიტომ.