საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის I საკვალიფიკაციო რაუნდი წარმატებით დაიწყო და მასპინძელი ბულგარეთი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
B ლიგის მეორე ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა მეტოქეს ბრძოლაში აჯობა, ხოლო მატჩის ერთადერთი და გამარჯვების გოლი 57-ე წუთზე ანასტასია ბუჩუკურის ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფის პარალელურ მატჩში არასაფეხბურთო ანგარიში დაფიქსირდა. ირლანდიის გოგონათა ნაკრებმა სომხეთს 11 უპასუხო გოლი გაუტანა, თანაც ისე, რომ პირველივე ტაიმში ანგარიში უკვე 9:0 იყო.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს, სწორედ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 13 ოქტომბერს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სომხეთს დაუპირისპირდება.
2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს.