შერეული ორთაბრძოლების სამყაროში ერთ-ერთმა წამყვანმა გუნდმა სერიოზული დარტყმა მიიღო.
UFC შანხაის მთავარ ბრძოლაში, უმარ ნურმაგომედოვი ადგილობრივ ვარსკვლავთან, სონგ იადონგთან უმძიმესი ნოკაუტით დამარცხდა. დაღესტნელი მებრძოლი ჩინეთში ფავორიტის სტატუსით ჩავიდა და გამარჯვების შემთხვევაში, სატიტულო ბრძოლის მიღების დიდი შანსი ჰქონდა.
მეორე რაუნდში უმარი თეიქდაუნის შესრულებას ცდილობდა, რა დროსაც ჩინელმა მას უძლიერესი მარჯვენა ხელი გაარტყა და გონება დააკარგვინა. ოქტაგონის კუთხეში მყოფი ხაბიბ, უსმან და აბუბაქარ ნურმაგომედოვებისთვის ეს უმძიმესი სანახავი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ უმარისთვის ეს ბოლო ოთხ ბრძოლაში უკვე მეორე მარცხია, პირველად ის ოქროს ქამრისთვის დაპირისპირებაში მერაბ დვალიშვილთან დამარცხდა.
შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ, "ნურმაგომედოვების MMA სკოლის" ოფიციალურმა ინსტაგრამის გვერდმა პირველი განცხადება გაავრცელა და მებრძოლს მხარდაჭერა გამოუცხადა:
შედეგის შეცვლა დღეს შეუძლებელია, მოწინააღმდეგემ გაიმარჯვა. ყველაფერი ყოვლისშემძლის ნებით მოხდა და ამაში თავისი სიბრძნეა. ალჰამდულილაჰ ნებისმიერ სიტუაციაში: ჩვენ ვიღებთ იმას, რაც დაწერილია, გამოგვაქვს დასკვნები და ვაგრძელებთ მუშაობას. თავი მაღლა აწიე, ძმაო ❤️
ეს არის პირველი შემთხვევა ისლამ მახაჩევის მარცხის შემდეგ (რომელიც წლების წინ ადრიანო მარტინსმა დაანოკაუტა), როდესაც ხაბიბის გუნდის წამყვანი მებრძოლი ასეთი მძიმე ნოკაუტით დამარცხდა.
VIDEO: ეს რა იყოოო! სონგ იადონგმა უმარ ნურმაგომედოვი გათიშა