პეპ გვარდიოლას განცხადებით, კრისტალ პალასთან გამარჯვების შემდეგ, მისმა გუნდმა სეზონის დასკვნითი მატჩისთვის იმედი დაიტოვა.
სიტის 3:0 გამარჯვება ნიშნავს, რომ გუნდი პრემიერ ლიგის ლიდერ არსენალს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე კი ორი ტურია დარჩენილი.
VIDEO: შერკის და ჰალანდის გარეშე მოგებული მატჩი - სიტი არ ნებდება
გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ბრენტფორდთან ან პალასთან წაგების შემთხვევაში ყველაფერი დასრულებული იქნებოდა, თუმცა ახლა გაჩნდა იმედი ასტონ ვილასთან ბოლო შეხვედრის წინ. მან ასევე დაამატა, რომ მთელი ყურადღება ბორნმუთზეა გადატანილი, რომელიც სახლში მთელი სეზონის განმავლობაში კარგად თამაშობს, შემდეგ კი უნაი ემერის ასტონ ვილასთან მოუწევთ დაპირისპირება. მწვრთნელის თქმით, ეს არ იქნება იოლი თამაშები, თუმცა გუნდი მხოლოდ ამაზეა ფოკუსირებული.
ამ გადამწყვეტ შეხვედრაში გვარდიოლამ შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განახორციელა. ანტუან სემენიოს, ომარ მარმუშისა და სავინიოს გოლებმა გუნდს კომფორტული გამარჯვება მოუტანა. მწვრთნელმა როტაციის გადაწყვეტილება შაბათს გასამართი ინგლისის თასის ფინალით ახსნა. მან აღნიშნა, რომ ჩელსი მთელი კვირა სახლში ემზადებოდა ფინალისთვის, მაშინ როცა სიტის ლონდონში მოგზაურობა უწევს, რაც დამატებით დაღლილობას იწვევს.
გვარდიოლამ სრული ნდობა გამოუცხადა თავის შემადგენლობას და აღნიშნა, რომ გუნდს ახალი ენერგია სჭირდებოდა. მან განსაკუთრებით გამოყო სავინიოს წარმოუდგენელი თამაში და ასევე შემტევები – ომარი და ანტუანი.
საერთო ჯამში, გუნდმა კარგად ითამაშა მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც ყოველთვის ქმნის პრობლემებს. ბრენტფორდთან და პალასთან გატანილი სამ-სამი გოლის შემდეგ, მწვრთნელი კმაყოფილია და ახლა მთელი ყურადღება ინგლისის თასის ფინალზეა გადატანილი.
გვარდიოლამ ასევე შეაქო ფილ ფოდენი, რომელმაც პირველი ორი გოლისას შედეგიანი გადაცემები გააკეთა. მწვრთნელის თქმით, საჭიროა ხარისხი, ნაპერწკალი, ხედვა და ნიჭი – ისეთი რამ, რაც ტაქტიკურ დაფებზე, შეხვედრებსა და ვარჯიშებზე არ იხსნება.