ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მძიმე ბრძოლა გადაიტანა, თუმცა კაპიტან ჰარი კეინის დუბლის წყალობით 2:1 მოიგო და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.
ინგლისელები უკვე ფიქრობდნენ მექსიკასთან შესაძლო მერვედფინალურ დაპირისპირებაზე, თუმცა ეს ძალიან ნაადრევი აღმოჩნდა.
მატჩის დაწყებიდან 10 წუთიც არ იყო გასული, როცა შანსელ მბემბას გრძელი დიაგონალური გადაცემის შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბრაიან ციპენგა იპოვეს.
მან ცენტრისკენ შეიწია და ჯორდან პიკფორდის ახლო კუთხეში ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა.
წყლის შესვენებამ თომას ტუხელის გუნდი გამოაფხიზლა და მალევე მათ ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი შექმნეს.
ნონი მადუეკემ საჯარიმოში სახიფათო გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც მარკუს რაშფორდმა დაარტყა, მაგრამ ყოფილი თანაგუნდელმა, აარონ უან-ბისაკამ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.
მიუხედავად ინგლისის აქტიურობისა, კონგოს ნაკრებს შეეძლო უპირატესობის გაზრდა, თუმცა იოან ვისას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
პირველი ტაიმის მიწურულს ჰარი კეინი დარწმუნებული იყო, რომ მეკარე ლიონელ მპასიმ საჯარიმოში წააქცია, მაგრამ არც მსაჯმა და არც VAR-მა პენალტი არ დანიშნეს.
შესვენების შემდეგ ინგლისის შეტევები გაგრძელდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში რაშფორდმა შესანიშნავი შესაძლებლობა გაანიავა, როცა მარცხენა ფეხით დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან მოახვედრა.
ინგლისის მთავარი ლიდერი საჭირო დროს გამოჩნდა. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ჰარი კეინმა ენტონი გორდონის ჩაწოდება თავური დარტყმით შორეულ კუთხეში გადაგზავნა და ანგარიში გაათანაბრა.
საბოლოო სიტყვაც სწორედ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ინგლისელთა საუკეთესო ბომბარდირმა თქვა.
86-ე წუთზე, მას შემდეგ რაც ჯუდ ბელინგემის დარტყმა მოიგერიეს, კეინმა საჯარიმოს ხაზთან ბურთი აიღო და უძლიერესი დარტყმით ბურთი მპასის კარის ბადეში გაახვია.
ეს გოლი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ „სამ ლომს“ მერვედფინალის საგზური მოეპოვებინა, სადაც მათ ლეგენდარულ აცტეკას სტადიონზე მექსიკასთან ურთულესი დაპირისპირება ელით.
რაც შეეხება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, მათი დასამახსოვრებელი მსოფლიო ჩემპიონატი პირველივე პლეი-ოფურ მატჩში მარცხით დასრულდა.
კეინმა მუნდიალებზე გატანილი გოლებით პელეს გადაასწრო