11 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გარდა ამისა, ლივერპულის 33 წლის ნახევარმცველმა საერთაშორისო კარიერის დაუყოვნებლივ დასრულებაც გამოაცხადა.
ენდო თებერვლის ბოლოდან ფეხის ტრავმას ებრძოდა, რომელიც ლივერპულის შემადგენლობაში თამაშისას მიიღო და ოპერაციაც დასჭირდა.
თავდაპირველად ჩანდა, რომ ის საკმარისად გამოჯანმრთელდა, რადგან სამურაი ლურჯების 26-კაციან განაცხადში მოხვდა, მაშინ როცა სხვა ტრავმირებული ვარსკვლავების, კაორუ მიტომასა და ტაკუმი მინამინოს არყოფნა უკვე დადასტურებული იყო.
თუმცა, მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც 31 მაისს ისლანდიასთან ამხანაგურ მატჩში მხოლოდ 1 ტაიმი ითამაშა და დისკომფორტის გამო შეცვალეს.
ნიდერლანდებთან ჯგუფის ყველაზე რთული მატჩის წინ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ენდო განაცხადიდან ამოეღოთ და მის ნაცვლად მიუნხენგლადბახის ბორუსიას თავდამსხმელი შუტო მაჩინო გამოეძახებინათ, რაც პოზიციურად აშკარად არ არის პირდაპირი ჩანაცვლება.
როგორც უკვე გამოცხადდა, მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს ვტოვებ.
„რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მივიღებ, მაგრამ უფრო მეტად ვამაყობ იმით, თუ როგორ განვვითარდით კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ - მე, როგორც კაპიტანი, ამ გუნდს ვხელმძღვანელობდი და ჩვენი მიზანი, ‘მსოფლიო ჩემპიონობის მოგება’, ისეთ ამბიციად ვაქციეთ, რომლის ხმამაღლა თქმა ბუნებრივად შეგვიძლია.
ამჟამინდელი გუნდი მართლაც შესანიშნავია. მჯერა, რომ ისინი ნებისმიერ სირთულეს დაძლევენ და ისეთ რამეს გვაჩვენებენ, რაც აქამდე არასდროს გვინახავს.
ამ კამპანიასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში კარიერასაც ვასრულებ. ამიერიდან იაპონიის ნაკრებს ერთ-ერთი გულშემატკივრის როლში ვუგულშემატკივრებ. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა იაპონია მსოფლიო ჩემპიონი გახდება. მოდით, ამის გვჯეროდეს და ერთად დავუჭიროთ მათ მხარი.
და გავაერთიანოთ მთელი იაპონიის ძალა, რათა ეს მომენტი სწორედ ამ ტურნირზე დადგეს. ყველამ ერთად ვიბრძოლოთ ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატზე! ყველას გთხოვთ, მაქსიმუმი გაიღოთ.“ - დაწერა ენდომ სოციალურ ქსელში.
ენდო საერთაშორისო კარიერას 73 მატჩითა და 4 გოლით ასრულებს. მისი დებიუტი იაპონიის ნაკრებში 2015 წელს შედგა, ხოლო კაპიტნის სამკლაური კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა.
მისი გადაწყვეტილება იმასაც ნიშნავს, რომ იაპონია 1 კვირაზე ოდნავ მეტ დროში უკვე მეორე კაპიტანს დაემშვიდობა.
მაისის ბოლოს ისლანდიასთან მოგებული ამხანაგური შეხვედრა ერთგვარი გამოსამშვიდობებელი მატჩი აღმოჩნდა ლოს-ანჯელეს გალაქსის ვეტერანისა და ენდოს წინამორბედის, მაია იოშიდასთვისაც, რომელიც ოფიციალურად არ იყო წასული ნაკრებიდან, თუმცა კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ გუნდში თითქმის აღარ თამაშობდა.
არსებული ინფორმაციით, კაპიტნის სამკლაურს ახლა აიაქსის ცენტრალური მცველი კო იტაკურა მოირგებს, თუმცა ბოლო 12 თვის განმავლობაში ეს როლი ტაკეფუსა კუბოსა და რიცუ დოანსაც ჰქონდათ შესრულებული.
ნიდერლანდებთან კვირის პირველი მატჩის შემდეგ იაპონია 6 დღის შემდეგ ტუნისს შეხვდება, ხოლო ჯგუფ F-ში გამოსვლას 25 ივნისს შვედეთის წინააღმდეგ დაასრულებს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

