ნიდერლანდებისა და იაპონიის ნაკრებებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფის პირველ ტურში ქულები გაიყვეს და 2:2 ითამაშეს.
შედეგად „ლურჯი სამურაების“ წაუგებელი სერია 8 მატჩამდე გაიზარდა (6 მოგება, 2 ფრე).
შეხვედრის პირველი ტაიმი ნიდერლანდელთა მცდელობების მიუხედავად უგოლოდ დასრულდა, კუმანის გუნდმა კი ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა.
რეინდერსის საჯარიმო დარტყმის მოგერიების შემდეგ ბურთი რაიან გრავენბერხს მიუვიდა, რომელმაც იდეალური ჩაწოდებით ლივერპულში მისი თანაგუნდელი ვირჯილ ვან დეიკი მოძებნა.
ნიდერლანდების კაპიტანმა თავური დარტყმით, ძელის დახმარებით, ანგარიში გახსნა. თუმცა მათი უპირატესობა მხოლოდ 6 წუთს გაგრძელდა, ტაკეფუსა კუბოს გადაცემით კეიტო ნაკამურამ ისარგებლა და რიკოშეტის შემდეგ ახლო კუთხეში ბარტ ვერბრუგენს გაუტანა.
მეორე ტაიმში მოვლენები კიდევ ერთხელ შეიცვალა. კრისენსიო სამერვილმა, რომელიც დიდ ტურნირზე პირველად თამაშობს, მარცხენა ფეხით შესრულებული შესანიშნავი დარტყმით შორეულ კუთხეში გაიტანა და ნიდერლანდები კვლავ წინ გაიყვანა.
იაპონიის მხრიდან ტაკეფუსა კუბომ სცადა ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, თუმცა მისი ძლიერი შორეული დარტყმა ოდნავ გადასცდა მიზანს.
მიუხედავად იმისა, რომ „ორანიე“ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, ჰაჯიმე მორიიასუს გუნდმა 89-ე წუთზე კიდევ ერთხელ აღადგინა წონასწორობა. ჯუნია იტოს კუთხურის შემდეგ კოკი ოგავას თავური დაიჩი კამადას მოხვდა და ბარტ ვერბრუგენის კარში აღმოჩნდა.
ამ შედეგით ნიდერლანდებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წაუგებელი სერია 17 მატჩამდე გაზარდა (12 მოგება, 5 ფრე), თუმცა კუმანის გუნდი იმედგაცრუებული დარჩება, რადგან 2-ჯერ გაუშვა ხელიდან უპირატესობა.
რაც შეეხება იაპონიას, ორჯერ ჩამორჩენის შემდეგ მოპოვებული ფრე კიდევ უფრო გაამყარებს მოსაზრებას, რომ „ლურჯი სამურაები“ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი Dark Horse შეიძლება გახდნენ.
ყველაფერი, რაც F ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026