ეროვნული ლიგის 26-ე ტურში, ჩემპიონატის მე-2 ადგილოსანმა იბერია 1999-მა ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გარეჯთან 1:1 ითამაშა.
აქტიური თამაშისა და მომენტების მიუხედავად, ანგარიში მხოლოდ 58-ე წუთზე გაიხსნა - 18 წლის ალექსანდრე ამისულაშვილმა, რომელიც უმაღლეს ლიგაში ძირითადი შემადგენლობიდან სადებიუტო მატჩს ატარებდა, სანდრო ალთუნაშვილის მაგარი პასის შემდეგ გაიტანა და თბილისელები დააწინაურა. თინეიჯერი ფლანგელისთვის საერთოდ პროფესიონალურ კარიერაში პირველი გოლია.
მოქმედ ჩემპიონს ამის შემდეგაც რამდენიმე კარგი შეტევა ჰქონდა, მაგრამ გოლი ვეღარ შეაგდო და ამისთვის 87-ე წუთზე დაისაჯა. ცვლილებაზე გამოსულმა ლევან პაპავამ სტანდარტულის მოწოდების შემდეგ შექმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი გიორგი მაკარიძის კარის ბადეში გადაამისამართა.
კახელთა გამოცდილმა შემტევმა მიმდინარე ჩემპიონატში მე-9 გოლი შეაგდო და გარეჯის საუკეთესო ბომბარდირია, ჩემპიონატის მთავარ ბომბარდირებს კი 2 გოლამდე მიუახლოვდა - უკვე კადისში წასულ იური ტაბატაძეს, ტორპედოს ბიორნ იონსენსა და სამგურალის გიორგი ფანცულაიას 11-11 გოლი აქვთ.
გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ დედაქალაქელებმა პირველი შეხვედრა ჩაატარეს - მოუგებელი სერია უკვე 3-თამაშიანია. გარეჯი კი ზედიზედ მე-6 მატჩია არ მარცხდება, მაგრამ ვერც იგებს - საერთოდ, ბოლო 13 ტურიდან მხოლოდ 1-ში გაიმარჯვა (9 ფრე და 3 წაგება).
შედეგად, იბერიამ ძალიან მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა, რითაც გორის დილამ ისარგებლა და, კოლხეთის 1:0 დამარცხებით, უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. გარეჯს 24 ქულა მოუგროვდა და პლეი-აუტის ზონაში, მე-9 ადგილზე დარჩა.
მომდევნო ტურში იბერია გაგრას ესტუმრება, გარეჯი კი ტორპედოს უმასპინძლებს. სხვათა შორის, გუნდმა ბოლო გამარჯვება სწორედ ტორპედოსთან მოიპოვა - 29 მაისს, ქუთაისში - 2:0.
დავამატოთ ისიც, რომ იბერიაში სამწვრთნელო ცვლილებაა და გია გეგუჩაძისგან პოსტს გადაიბარებს ლევან კორღალიძე, რომელიც ამ გუნდის მთავარ მწვრთნელად კარიერაში მეოთხედ ინიშნება - იბერიელები 31 ივლისს დატოვა და 2-თვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.