-
Aa
+
ფონტის ზომა
2018 წლის ეროვნული ლიგა ახალი ფორმატით ჩატარებული ეროვნული ჩემპიონატის მეორე სეზონი იყო და მასში როგორც ახლა ათი გუნდი მონაწილეობდა - საჩხერის ჩიხურა, საბურთალო (ახლანდელი იბერია 1999), გორის დილა, სამტრედია, რუსთავი, ქუთაისის ტორპედო, დინამო თბილისი, თბილისის ლოკომოტივი, ბოლნისის სიონი და ფოთის კოლხეთი.
პირველი ტურის შეხვედრაში საბურთალომ ფოთის კოლხეთს 3:1 სძლია - გია ჭიაბრიშვილმა მოედანზე შემდეგი თერთმეტეული გამოიყვანა: კუპატაძე (კაპიტანი), ნადარაია, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, იაშვილი, მამუჩაშვილი, გორგიაშვილი, დიასამიძე, გონსალვეში, ტატანაშვილი და კოხრეიძე.
შეხვედრაში დუბლი შეცვლაზე შემოსულმა დავით ვოლკოვმა შეასრულა - მის გარდა სათადარიგოთა სკამზე ქურდაძე, რეხვიაშვილი, ჩაბრაძე, ცნობილაძე, თარხნიშვილი და გვარაძე ისხდნენ.
საბურთალომ ბრწყინვალედ დაიწყო - ოთხი მატჩი და ოთხი მოგება. თბილისურ გუნდს წაგებებიც წამოეწია, თუმცა 10 ტურის შემდეგ 8 მოგებითა და 2 მარცხით სატურნირო ცხრილს მაინც ლიდერობდნენ.
ნელ-ნელა საქმეში ისეთი მოთამაშეებიც ჩაერთვნენ, როგორებიც ლუკა ლაკვეხელიანი, სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, გურამ გოშთელიანი და ელვინ ტერა არიან. ორი წრის შემდეგ საბურთალო სატურნირო ცხრილს 43 ქულით ლიდერობდა და მეორეადგილოსან თბილისის დინამოსთან 5-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.
ჩემპიონატის პირველ ნახევარში ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ორჯერ დაამარცხეს თბილისის დინამო, მათ შორის მეორე წრეში დრამატულად, ვაგნერ გონსალვეშის 93-ე წუთზე გატანილი ბრწყინვალე თავურით. ორჯერაც მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის ტორპედო და სულ სამჯერ დამარცხდნენ - ერთხელ ლოკომოტივთან, ერთხელ ჩიხურასთან, ხოლო ერთხელაც გორის დილასთან.
მესამე წრე საბურთალომ ბოლნისის სიონთან მარტივად მოგებული მატჩით დაიწყო - 3:0. გოლები გიორგი დიასამიძემ, დიმიტრი ტატანაშვილმა და გაგი მარგველაშვილმა გაიტანეს. ჭიაბრიშვილის შეგირდებმა წაუგებლად კიდევ ოთხი მატჩი გაიარეს და დაუმარცხებელი სერია 9-მდე გაზარდეს.
24-ე ტურში საბურთალო დინამოს მესამედ შეხვდა და სეზონში მეოთხე მარცხი განიცადა. მატჩი ამჯერადაც დრამატული გამოდგა - ლევან შენგელიამ ლაზარე კუპატაძის კარი მატჩის ბოლო, 93-ე წუთზე ბრწყინვალე დარტყმით აიღო. დინამომ სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა.
საბურთალო შემდეგ ტურში შინ ტორპედოსთან განადგურდა, მესამე წრე კი სამტრედიასთან ფრით დაასრულა - თუმცა ჭიაბრიშვილის გუნდის მცირე ჩავარდნით კონკურენტებმა ვერ ისარგებლეს და დინამოსთან სხვაობა კვლავ ხუთი ქულა დარჩა, ტორპედოსთან 10.
არწივებმა ფინალური მეოთხე წრე მშვენივარად დაიწყეს და 33-ე ტურში თბილისურ დერბის ხუთმატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდნენ, საიდანაც დედაქალაქელებმა სამი მოიგეს და კონკურენტ დინამოსთან 8-ქულიანი უპირატესობა შეიქმნეს.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავდა, რომ მიხეილ მესხზე გამართული თბილისური დერბი საჩემპიონო მატჩი გამოდიოდა - საბურთალო მოგების შემთხვევაში ისტორიულ, პირველ ჩემპიონობას სამი ტურით ადრე ინაღდებდა.
ისტორიული მატჩი ორშაბათს, 26 ნოემბერს, 19:00-ზე გაიმართა - გია ჭიაბრიშვილმა მოედანზე შემდეგი თერთმეტეული გამოიყვანა: ლაზარე კუპატაძე (კაპიტანი), ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გურამ გოშთელიანი და გიორგი კოხრეიძე.
სათადარიგო სკამზე კი ბექა ქურდაძე, ნოდარ იაშვილი, დავით ვოლკოვი, დიმიტრი ტატანაშვილი, ელვინ ტერა, ბექა გვარაძე და სანდრო ალთუნაშვილი ისხდნენ.
მატჩი დინამოელთა გოლით დაიწყო - ბუდუ ზივზივაძემ მასპინძლების კარი მე-14 წუთზე აიღო, თუმცა საბურთალომ მატჩის შემოტრიალება ძალიან მალე შეძლო. ოთხ წუთში ფლანგზე ვაგნერის აქტიურობას დინამოს კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც გოლად გიორგი კოხრეიძემ აქცია.
ოთხ წუთში საბურთალო წინ გავიდა. ამჯერად ბრაზილიელმა თავად გაიტანა - გონსალვეშმა გოშთელიანის გადაცემა გამოიყენა და სტეფან სიკაჩისთან ერთი-ერთზე გასულს მეკარეს ბურთი ზემოდან გადაატარა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა გოლი აღარ გასულა - გიორგი ყრუაშვილის საფინალო სასტვენი გაისმა. საბურთალო საქართველოს ჩემპიონია. გულშემატკივრები მოედანზე გადმოვიდნენ - ზეიმი დაიწყო.
დედაქალაქურმა კლუბმა ისტორიული ტიტული ორი ტურის შემდეგ, ბოლო საშინაო მატჩში აღმართა. საბურთალომ სეზონის უკანასკნელ მატჩში გასვლაზე სამტრედია 4:1 დაამარცხა და ჩემპიონატი 79 ქულითა და 10-ქულიანი უპირატესობით დაასრულა.
საბურთალომ ჩემპიონატი ეროვნულ ლიგაში დებიუტიდან სამ წელიწადში მოიგო. მაშინ საბურთალოს კარგ სტარტს ბევრი შემთხვევითობას მიაწერდა, თუმცა დრო გადიოდა და ჭიაბრიშვილის გუნდი წამყვან გუნდებს უგებდა. მერე უკვე მეტოქეებიც უფრთხოდნენ, სერიოზულ ძალად აღიქვამდნენ და ხვდებოდნენ, რომ თბილისური კლუბის წარმატება შემთხვევითობა არ ყოფილა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები