საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ დანიის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"პირველ რიგში, გულშემატკივარს დიდ მადლობას გადავუხდი, სახლში თამაში ჩვენთვის სრულიად განსაკუთრებულია.
მთლიანობაში ამ სანაკრებო ფანჯარას დადებითად შევაფასებდი, კოპენჰაგენშიც და თბილისშიც კარგი მატჩები ჩავატარეთ. შევეცადეთ, ბოლო პერიოდში დაშვებული შეცდომები გამოგვესწორებინა, რაც, ჩემი აზრით, მოვახერხეთ კიდეც.
რაც შეეხება ახალ თანაგუნდელებს, ალექსსა და მარკისს, მათი თამაშით ვამაყობ, რადგან პარკეტზე ისე იყვნენ, თითქოს ვეტერანები ყოფილიყვნენ და დიდი გამოცდილება ჰქონოდათ. ეს მათ პროფესიონალიზმზე მიუთითებს და ვულოცავ ორივეს ასეთ დებიუტს. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ", - განაცხადა შენგელიამ.
ჩვენმა გუნდმა დანიელები 89:60 დაამარცხა. მარკის რიდმა 29 ქულა, 3 მოხსნა, 7 ასისტი მიითვალა, ხოლო შენგელიას აქტივში ორმაგი დუბლია - 27 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი. რაც შეეხება ალექს მერკვილაძეს მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა - 12 ქულა, 8 მოხსნა.
საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციოს ჯგუფში 4-დან 2 მოგება აქვს და ამ მომენტისთვის მე-2 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა ოფიციალურად გაინაღდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი, ამავე ჯგუფის ეგიდით, 2 ივლისს უკრაინას ესტუმრება, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს.