სიმონე ინძაგის პრესკონფერენცია ბარსელონასთან საპასუხო მატჩის წინ.
პირველი შეხვედრა გასულ კვირაში ბარსელონაში ფრედ 3:3 დასრულდა, საპასუხო დაპირისპირება კი ხვალ, 6 მაისს, მილანში შედგება.
- როგორ თამაშს უნდა ველოდოთ? განსხვავებული იქნება თუ არა იმისგან, რაც პირველ თამაშში ვიხილეთ?
ერთი გუნდივით თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. დიდებული დონის მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება, ვისი ძლიერი მხარეებიც ბურთის ფლობა და კონტრშეტევებია. თავი საუკეთესო მხრიდან უნდა წარმოვაჩინოთ და შევეცადოთ, დისტანციაზე გონივრულად ვიმოქმედოთ, რათა რეალური ინტერის სახე ვაჩვენოთ.
- აპირებთ თუ არა რაიმე განსხვავებულის გაკეთებას მარცხენა ფლანგზე, სადაც ლამინ იამალი თამაშობს?
გავაანალიზეთ, რისი გაუმჯობესება შეიძლება. მას დიდებული თვისებები აქვს და ერთად უნდა ვითამაშოთ უფრო კარგად, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ ის, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ მის გარდა სხვა ფეხბურთელებიც არიან.
- რამდენად მნიშვნელოვანია ლაუტაროს მონდომება და თამაში, თუნდაც თუ ის 100%-ით არ იქნება მზად?
მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ჩვენ სიტუაცია უნდა შევაფასოთ. პავარმა გუშინ ცოტათი გუნდთან ერთადაც ივარჯიშა, თავს კარგად გრძნობდა.
ლაუტარო ჩვენთან ერთად ოთხშაბათის მატჩის შემდეგ არ ყოფილა, ის სატრენაჟორო დარბაზში მუშაობდა და დღეს გუნდს შეუერთდა. ფეხბურთელს და პერსონალს დაველაპარაკებით და მხოლოდ ამის შემდეგ შევაფასებთ სიტუაციას.
- რამდენად გონივრული და გააზრებული უნდა იყვნენ გუნდის ფეხბურთელები, რათა ბარსელონა დაამარცხონ?
იმედი გვაქვს ასე იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე საუცხოოდ გამოვედით და ახლაა ის გარდამტეხი მომენტი, რომელმაც შეიძლება ფინალის საგზური მოგვიტანოს. მეტოქის სიძლიერე ვიცით, მაგრამ ძალიან მტკიცედ, სურვილით, მოძრაობით და ზომიერი აგრესიით ვითამაშებთ.
- თამაში თანაბარ პირობებში გაიმართება, თუ სან-სიროს ეფექტი თქვენ გაძლევთ უპირატესობას?
რა თქმა უნდა, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაში კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ისინი სულ გვეხმარებიან და ხვალაც იგივეს ველოდებით." - აღნიშნა ინტერის მწვრთნელმა.