ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო გამოვარდნას და კატასტროფას სულ რაღაც 15 წუთით აცდა.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მატჩში თომას ტუხელის გუნდს ხსნად კიდევ ერთხელ მოევლინა ჰარი კეინი, რომლის გვიანდელმა დუბლმაც გუნდი 1/8 ფინალში გაიყვანა, სადაც ისინი ტურნირის თანამასპინძელ მექსიკას, ლეგენდარულ აცტეკას სტადიონზე დაუპირისპირდებიან.
მიუხედავად გამარჯვებისა, ნაჩვენებმა თამაშმა დაუფარავი დატოვა ის უდიდესი კრიზისი და პრობლემები, რომელთა მოგვარებაც გერმანელ სპეციალისტს სასწრაფოდ მოუწევს:
კეინისა და ბელინგემის იმედად დარჩენილი გუნდი
ჰარი კეინი და ჯუდ ბელინგემი ამ მუნდიალზე ინგლისის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, თუმცა ტუხელი მათ მუდმივად ვერ დაეყრდნობა. კონგოსთან შეხვედრაში ანტონი გორდონმა შეცვლაზე კარგად ითამაშა, თუმცა მარკუს რაშფორდისა და ნონი მადუეკეს ასპარეზობა აშკარად იმედგაცრუება იყო. პარალელურად, ბუკაიო საკას აქილევსის მყესის პრობლემები აქვს და მწვრთნელი მის გადატვირთვას ერიდება.
ქაოსი მარჯვენა მცველის პოზიციაზე
ტუხელმა თავადვე შეიქმნა პრობლემები, როდესაც განაცხადში ხშირად ტრავმირებადი მცველები, ტინო ლივრამენტო და რის ჯეიმსი შეიყვანა. ლივრამენტო მუნდიალზე საერთოდ ვერ ჩამოვიდა, ჯეიმსის დაბრუნების თარიღი კი უცნობია. მას შემდეგ, რაც ჯარელ კუანსაც დაშავდა, მარჯვენა ფლანგზე ჯერ ჯედ სპენსმა ითამაშა, მატჩის მიწურულს კი ტუხელმა იქ დეკლან რაისი გადასწია. ალან შირერმა და მიკა რიჩარდსმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ რაისის ენერგია ცენტრშია საჭირო, მექსიკასთან კი დაცვის მარჯვენა ფლანგზე ეზრი კონსა უნდა დადგეს. გუნდის ყოფილმა კაპიტანმა უეინ რუნიმაც დასძინა, რომ ნაკრები ბურთის დაკარგვისას ძალიან ღიად თამაშობს, რაც ძლიერ მეტოქეებთან კატასტროფით დასრულდება.
კრეატივის ნაკლებობა და იგნორირებული ფორვარდები
ნაკრებს აშკარად აკლია შემოქმედებითი ძალა, რის გამოც ფილ ფოდენისა და კოულ პალმერის განაცხადს მიღმა დატოვება სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს. ამასთანავე, გაურკვეველია, ენდობა თუ არა ტუხელი სათადარიგო თავდამსხმელებს. ივან ტოუნის მუნდიალზე ჯერ საერთოდ არ უთამაშია, ოლი უოტკინსმა კი პანამასთან მხოლოდ 6 წუთი მიიღო. როდესაც გუნდს გოლის გატანა უჭირდა განასთან ან კონგოსთან, ტუხელმა ორივე ფორვარდი სკამზე დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კეინის შესაძლო ტრავმის შემთხვევაში ინგლისი სრული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.