რასინგის ლა ლიგაში დაბრუნების შემდეგ სერხიო კანალესი კლუბის პირველი ახალწვეული გახდა.
სანტანდერელი ნახევარმცველი 16 წლის შემდეგ მშობლიურ კლუბს უბრუნდება.
მის აქტივში ლა ლიგაში ჩატარებული 384 მატჩი, ევროტურნირებზე 40-ზე მეტი შეხვედრა, ესპანეთის თასზე 48 მატჩი, მექსიკის უმაღლეს ლიგაში თითქმის 100 შეხვედრა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული 11 მატჩია.
სერხიო კანალესი სანტანდერში დაიბადა და რასინგის აკადემიაში აღიზარდა. მან ყველა ასაკობრივი საფეხური გაიარა და 17 წლის ასაკში, 2008 წელს, უეფას თასის მატჩში პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი შედგა.
კანტაბრიული კლუბის მაისურით მან 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
2010 წელს კანალესი მადრიდის რეალში გადავიდა, მოგვიანებით კი ვალენსიას, სოსიედადისა და ბეტისის ღირსებას იცავდა.
ბეტისთან ერთად მან ესპანეთის თასი მოიგო, იგივე ტიტული კი ადრე მადრიდის რეალთან ერთადაც ჰქონდა მოპოვებული.
2023 წელს ის მექსიკურ მონტერეიში გადავიდა, სადაც ბოლო 3 სეზონი გაატარა.
სანტანდერელმა ფეხბურთელმა რასინგთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც კლუბში 2028 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში რასინგში გიორგი გულიაშვილი გადავიდა, რომელმაც გუნდის ლა ლიგაში დაბრუნებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.