ირანის ქალთა ეროვნული ნაკრები, შესაძლოა, უმძიმესი რეპრესიების მსხვერპლი გახდეს.
ფილიპინებთან განცდილი მარცხის (2:0) შემდეგ, რის გამოც გუნდმა აზიის თასი დატოვა, ფეხბურთელების ბედი ბეწვზე კიდია. არსებობს რეალური შიში, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მათ პატიმრობა, ან სულაც სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.
ახლო აღმოსავლეთში არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, გუნდის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კვირას, ავსტრალიაში გამართული მატჩის შემდეგ, სპორტსმენების ავტობუსს ადგილობრივი მომიტინგეები დახვდნენ. 50-მდე დემონსტრანტი, რომლებსაც ხელში ირანის რევოლუციამდელი დროშები ეჭირათ, გოგონების დაცვას და მათთვის თავშესაფრის მიცემას ითხოვდა. სწორედ ეს დროშაა დღეს ირანული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სიმბოლო.
საერთაშორისო ყურადღება გუნდმა ჯერ კიდევ ტურნირის დასაწყისში მიიპყრო, როდესაც ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად ირანის სახელმწიფო ჰიმნი არ შეასრულეს. ამ ჟესტმა თეირანის მმართველთა განრისხება გამოიწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრთხე არა მხოლოდ სპორტსმენებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც ემუქრებათ.
დუმილი ჰიმნის დროს — ირანის ქალთა ნაკრების პროტესტი ავსტრალიაში
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პენი ვონგმა, განაცხადა, რომ ავსტრალია სრულ სოლიდარობას უცხადებს ირანელ ქალებს და, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ყველაფერს გააკეთებს მათი უსაფრთხოების დასაცავად. პარალელურად, ათასობით ადამიანი აწერს ხელს პეტიციას, რათა სპორტსმენები იძულებით არ დააბრუნონ ირანში. პეტიციის ავტორთა თქმით, დელეგაციას თან ახლავს რეჟიმთან დაკავშირებული "ზედამხედველების" ჯგუფი, რომელიც გოგონების გადაადგილებასა და კომუნიკაციას მკაცრად აკონტროლებს.
ამ გეოპოლიტიკური ქაოსის ფონზე, ირანელი ფეხბურთელი ქალები ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ: მათთვის სამშობლოში დაბრუნება, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.
დუმილის შემდეგ ირანის ქალთა ნაკრებმა ჰიმნი სამხედრო სალმით შეასრულა