ლეგენდარული ამერიკელი მოთხილამურე, ლინდსი ვონი რიგით მე-5 ოლიმპიურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას. ეს ოფიციალურად უკვე დადასტურდა.
სრულად რეკონსტრუირებული მუხლისა და 5-წლიანი პაუზის შემდეგ, ვონი 12 დღის წინ სენტ-მორიცში მსოფლიო თასის რბოლაში გამარჯვებით დაბრუნდა.
"ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ წარმოვადგინო სამშობლო ჩემს მე-5 და ბოლო ოლიმპიურ თამაშებზე. როდესაც დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე, ყოველთვის კორტინაზე მქონდა თვალი, რადგან ეს ჩემთვის ძალიან, ძალიან განსაკუთრებული ადგილია.
მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირი შედეგის გარანტიას ვერ ვიძლევი, იმის გარანტია ნამდვილად შემიძლია მოგცეთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა სასტარტო კარიბჭესთან გავალ, ყველაფერს გავაკეთებ. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს თამაშები, ვგრძნობ, რომ უკვე გავიმარჯვე", - დაწერა ვონმა სოციალურ ქსელებში.
41 წლის მოთხილამურე ზამთრის 2002, 2006, 2010 და 2018 წლების ოლიმპიადებზე მონაწილეობდა - 2010-ში ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიგო, ხოლო 2018-ში მხოლოდ ბრინჯაო. მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, 3-გზის ვერცხლის პრიზიორი და 3-გზის ბრინჯაოს პრიზიორია.
გარდა ამისა, მსოფლიო თასის ეგიდით გამართული დაშვებებისას, პოდიუმზე 142-ჯერ ავიდა - 83-ჯერ გამარჯვებულის, 37-ჯერ მეორეადგილოსნის და 22-ჯერ მესამეადგილოსნის სტატუსით.
2026 წლის ზამთრის, რიგით 25-ე, ოლიმპიადა, 6-22 თებერვალს, მილანისა და კორტინას მთებში გაიმართება. ღონისძიებას იტალიის პრეზიდენტი, სერჯიო მატარელა გახსნის.