უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის საპასუხო მატჩში აზერბაიჯანულმა საბაჰმა ჰაპოელ ბეერ შევას უმასპინძლა.
პირველი მატჩი ისრაელის გუნდის გამარჯვებით 1-2 დასრულდა და დღეს აზერბაიჯანელებს ამ სხვაობის აღმოფხვრა სჭირდებოდათ.
შეხვედრის პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა, 61-ე წუთზე კი სტუმრებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს და ორი მატჩის ჯამში ანგარიში უკვე 2-4 გახდა, რაც საბაჰს უკვე რთულ ვითარებაში აგდებდა.
თუმცა ამ სხვაობის მიუხედავად აზერბაიჯანელებმა თამაშის მოტრიალება შეძლეს და 74-ე წუთზე ჯერ უმარალი რახმონალიევის გოლით ანგარიში გაათანაბრეს, კომპენსირებულ დროში კი, როცა უკვე მასპინძელთა მეკარეც მეტოქის საჯარიმოში იყო ჩასული, კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და ტელურ მუტალიმოვის წყალობით მატჩი დამატებით დროში გადაიყვანეს.
ექსტრა ტაიმებში ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე საბაჰის მხარეს იყო, მე-100 წუთზე კი ჰაპოელი კაცნაკლული დარჩა, ხოლო აქედან ერთ წუთში აზერბაიჯანულმა გუნდმა ორფე მბინას გოლით ანგარიში 4-2 გახადა და ორი მატჩის ჯამში უკვე წინ გავიდა.
115-ე წუთზე მასპინძლებმა ჯოი მიკელსის გოლით თამაშს წერტილი დაუსვეს და საბოლოო ანგარიში 5-2 დააფიქსირეს.
ასე და ამგვარად, 2017 წელს აზერბაიჯანში დაარსებული კლუბი 9 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ეტაპზე გავიდა და ტურნირის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კლუბი, რომელმაც ამას მიაღწია.
საბაჰმა კვალიფიკაციის გზაზე უელსური TNS, ფინური კუპსი, დანიური ორჰუსი და ისრაელის ჰაპოელ ბეერ შევა დაამარცხა.
საბაჰი გახდა ყარაბაღის შემდეგ მეორე აზერბაიჯანული კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მოახერხა.