თორნიკე ახვლედიანმა აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა.
27 წლის ფორვარმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იბერია 1999-დან შამახს შეუერთდა, ახალი კლუბის ძირითად შემადგენლობაში ფეხი იოლად მოიკიდა და თავი გამოიჩინა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში შამახი სტუმრად ქიაფაზს შეხვდა და დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში ცენტრალური მცველი მათე აბულაძეც თამაშობდა.
ანგარიში მე-8 წუთზე სწორედ ახვლედიანმა გახსნა, რომელმაც მეკარის მოგერიებული ბურთი კარგად დაამუშავა და ახლო მანძილიდან მაკრატელა დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. ქართველი თავდამსხმელი ამის შემდეგაც აქტიურობდა, თუმცა მეტის გატანა ვეღარ მოახერხა და 62-ე წუთზე შეცვალეს.
ოთხი ტურის შემდეგ შამახი აზერბაიჯანის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მეხუთე ადგილზეა და ლიდერ ზირას, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს გამართული და სადაც გიორგი პაპუნაშვილი და დავით ვოლკოვი თამაშობენ, 4 ქულით ჩამორჩება.
თორნიკეს გოლი შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოს 1:43 წუთიდან: