ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად გუნდურის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ფიგურულ ციგურაობაში მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟთა მოკლე პროგრამა იყო იმის განმსაზღვრელი, ვინ მოიპოვებდა გუნდურის ფინალში ასპარეზობის უფლებას.
ნიკა ეგაძის გამოსვლაზე იყო დამოკიდებული, ვნახავდით თუ არა საქართველოს ნაკრებს საუკეთესო ხუთეულში.
ერთი დღით ადრე სპორტულ ცეკვებში, სპორტულ წყვილებში და ქალთა ერთეულებში გამომუშავებული 20 ქულით საქართველოს ნაკრები აშშ-ის, იაპონიისა და იტალიის შემდეგ მეოთხე ადგილზე იყო.
ევროპის მოქმედ ჩემპიონს სტარტზე მცირე ხარვეზები ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებს ისტორიაში პირველად გუნდურის ფინალში ასპარეზობის უფლება მოუპოვა.
ნიკა ეგაძემ მსაჯებისგან 84.37 ქულა დაიმსახურა, საუკეთესო ათეულში მეექვსე ადგილზე გავიდა და 5 ქულა გამოიმუშავა.
შედეგად, საქართველოს გუნდმა მოკლე პროგრამაში 25 ქულა დააგროვა და ამ მაჩვენებლით აშშ-ის, იაპონიის, იტალიის და კანადის შემდეგ გუნდური მეხუთე ადგილი დაიკავა.