დენის შროდერმა თავისი მრავალწლიანი თანაგუნდელი, ანდრეას ობსტი მას შემდეგ შეაქო, რაც ფორვარდი გერმანიის საკალათბურთო ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.
„შენ ახლა უბრალოდ საუკეთესო მსროლელი ხარ ევროპაში. შენ დაეხმარე გერმანიის ნაკრებს მსოფლიო თასისა და ევროპის ჩემპიონატის მოგებაში. შენმა შრომამ შედეგი გამოიღო“, - განაცხადა შრიოდერმა Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
ბაიერნ მიუნხენის მცველის შესახებ შროდერმა ასევე დასძინა:
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავდი, თუ რამდენად ბევრს შრომობდი. შენი თავდადება წარმოუდგენელია: პირველ რიგში ნაკრების მიმართ, მაგრამ ასევე გერმანიაში კალათბურთის პოპულარიზაციის კუთხით.“
ობსტმა ამ აღიარების შესახებ ხუთშაბათს საღამოს შეიტყო. ხმის მიცემის შედეგები ლუდვიგსბურგთან სტუმრად გამართული მატჩის (86-78 მიუნხენის სასარგებლოდ) პარალელურად გამოცხადდა. ანდი ობსტი ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი გერმანელია, რომელმაც MVP-ის ტიტული მოიპოვა.
„ეს ჯილდო ნამდვილად განსაკუთრებულია და ჩემთვის ბევრს ნიშნავს“, - განაცხადა ობსტმა. ისტორიული მიღწევის შემდეგ მან მოედანზევე მიიღო მილოცვები ახლობლებისგან, ვიდეოეკრანზე კი მისი ბებია და ბაბუა გამოჩნდნენ.
„მათმა ვიდეომიმართვამ ძალიან ამაღელვა. ახლა მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, რომ წელს კიდევ ერთი ტიტული მოვიგოთ. თუ ასე მოხდება, ბებია და ბაბუა დაგვპირდნენ, რომ მთელ გუნდს რევანდის ნამცხვრით გაუმასპინძლდებიან“, - აღნიშნა ობსტმა.
ობსტი კუთვნილ ჯილდოს კვირას, რეგულარული სეზონის დასკვნით მატჩში, ოლდენბურგის წინააღმდეგ მიიღებს.