-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართველი გულშემატკივარი თბილისში ევროპულ საღამოს 22 წელი ელოდა, თუმცა ყველასთვის გასაკვირად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნები თითქმის ცარიელი დარჩა - ლოკომოტივზე 24 600 ადგილიდან მხოლოდ 2500 ადგილი შეივსო.
მიუხედავად იმისა ტრიბუნაზე მაინც გაიშალა ისტორიული ტიფო
რა ფერია ცა? წითელია!
იმისთვის, რომ გუშინდელი საღამო კიდევ უფრო დაუვიწყარი გამხდარიყო და დღევანდელ ბლოგს ისტორიული ქულის ნაცვლად ისტორიული გამარჯვება რქმეოდა, თბილისურ კლუბს ძალიან ცოტა დააკლდა. შვედებმა წონასწორობა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე აღადგინეს. გიორგი მაკარიძეს ტომ პეტერსონმა გაუტანა - მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, გიორგი ჯინჯოლავამ კი თავისი გუნდის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
ბელგიაში გამართული მატჩის შემდეგ, თბილისურ დაპირისპირებაში რიგი პოზიტივების დანახვა იყო შესაძლებელი - ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ იბერიას მოგებამდე მართლაც ცოტა დააკლდა.
დაცვაში დახევა ჩემი დავალება არ ყოფილა
განაცხადა მატჩის შემდგომ იბერიას მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ - გუნდი ბოლო წუთებში დაიღალა, გაძლებაზე ითამაშა და სამწუხაროდ ვეღარ გაძლო.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა რიგ სტატისტიკურ კომპონენტებში უპირატესობა მაინც სტუმრებს ჰქონდათ - ბურთის ფლობა 44:56, საგოლე მომენტები 1:3, დარტყმები 7:23 და კუთხურები 2:7.
შვედების უპირატესობისდა მიუხედავად ჩვენები სამ ქულასთან ძალიან ახლოს იყვნენ - ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი გუნდის კაპიტანი ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა გახლდათ. ქართველი განაპირა მცველი არაერთმა საფეხბურთო ანალიტიკურმა გამოცემამ გამოარჩია.
ჯინჯოლავას ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა როგორც sofascore-ზე, ასევე fotmob-ზე. ამ უკანასკნელმა გიორგის გუშინდელი პერფორმანსი 9.0 -ით შეაფასა და კონფერენს ლიგის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა.
1 გატანილი გოლი 13 დაბრუნებული ბურთი 9/12 მოგებული დუელი 4/5 წარმატებული ვარდნა 9 მოგერიებული ბურთი
კაპიტანი ბრწყინვალე იყო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. გარდა ამისა, რომ იბერიას კაპიტანმა მთლიან მეორე ტურში მეოთხე საუკეთესო შეფასება მიიღო, ჯინჯოლავა 90 წუთში დაცვითი მოქმედებების რაოდენობით ლიგაში მეორე საუკეთესოა - ქართველი მცველი მხოლოდ აიაქსელ ლუკას როსას ჩამორჩება. ჯინჯოლავა გოლის გატანასთან პირველ ტაიმშიც ძალიან ახლოს იყო - მისი საჯარიმოს გარედან დარტყმული ხარიხას მოხვდა.
გამორჩეული იყო იბერიას კონფერენს ლიგაზე გამყვანი გოლის ავტორიც - ბრწყინვალედ ითამაშა ნიკა სიხარულაშვილმა არაერთ ეპიზოდში და საბოლოოდ თბილისურ გუნდს თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლებაც მოუტანა.
ისტორიული ქულა იყო, მაგრამ მატჩის შედეგით საკმაოდ გულდაწყვეტილი ვარ. 1:0-ს ვიგებდით და ბოლო წუთებში დასანანი გოლი მივიღეთ. ძალიან გვინდოდა მოგება და სამი ქულის აღება, მაგრამ ბოლოს გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა.
გიორგი ჯინჯოოლავა.
“მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. მიალბი ცუდი გუნდი არ არის. საბოლოოდ, ქულები გავიყავით. გულშემატკივრის ფაქტორი ჩვენზე ძალიან მოქმედებს. როცა ლარნის ბარიერი გადავლახეთ, ფაქტობრივად, ნახევარი საქმე გულშემატკივარმა გააკეთა. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გულშემატკივარი ჩვენთვის დიდი ძალაა. როცა ქომაგი სტადიონზეა, ოთხმაგად და ხუთმაგად მოტივირებული ხარ.“
განაცხადა მატჩის შემდეგ გიორგი ჯინჯოლავამ
მადლობა გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და დაგვაფასა.
ალექსანდრე ამისულაშვილი
ისინი იმედგაცრუებულები დავტოვეთ, მაგრამ ნელ-ნელა წინ მივდივართ. იმედია, შემდეგში უკეთ ვითამაშებთ. მეორე ტაიმში, გოლის შემდეგ, ჩავარდნა გვქონდა. ახლა შეცდომებზე საუბარი რთულია, ჯერ კიდევ ემოციებში ვართ, მაგრამ იმედია, შემდეგ მატჩებში უკეთ ვითამაშებთ და ამ შეცდომებს გამოვასწორებთ.
რა თქმა უნდა, შედეგის ჩვენება შეგვიძლია. პირველ თამაშზე არ ვისაუბრებ. საშინელება იყო და უარყოფითად ვაფასებ. დღეს, მეორე მატჩში, გამოჩნდა, რომ ნებისმიერ გუნდთან თამაში შეგვიძლია, მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე. თამაშიდან თამაშამდე ვვითარდებით და შეგვიძლია, შემდეგ მატჩში უფრო მეტი გავაკეთოთ. - უთხრა ჟურნალისტებს იბერიას ახალგაზრდა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა
ერთი ქულით კმაყოფილი არ ვარ. მოედანზე მოსაგებად გავდივართ და ვცდილობთ, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს.
ლევან კორღალიძე
მჭიდრო გრაფიკის გამო გოლის შემდეგ შეტევების გაგრძელება გაგვიჭირდა. ასეთ დროს ფიქრობ, როგორ არ გაუშვა, მეტოქე კი გათანაბრებას ცდილობს. დაცვაში დახევა ჩემი დავალება არ ყოფილა. მიალბი ძლიერი გუნდია და ბოლო წუთებში მასთან პირველ ნომრად თამაში მარტივი ვერ იქნებოდა. გოლის შემდეგ შეტევაში მეტი აგრესია და აქტიურობა გვჭირდება. ამას დრო სჭირდება - ჩემი იდეების გუნდში ასე სწრაფად დანერგვა რთულია“
კორღალიძემ გულშემატკივრების ფაქტორზეც ისაუბრა:
"მჯერა, მომდევნო მატჩებში უკეთ ვითამაშებთ. სენტ-ტრუიდენთან შეხვედრაზე მისულმა გულშემატკივრებმა, ვფიქრობ, მეორე გოლშიც შეიტანეს წვლილი. დღეს, როცა 1:0-ს ვიგებდით, ეს მხარდაჭერა დაგვაკლდა. ფეხბურთს ხალხი გათამაშებს. წვიმამაც იმოქმედა. მადლობა ყველას, ვინც სტადიონზე მოვიდა და ვინც გულწრფელად სახლიდან გვგულშემატკივრობდა "
იბერიას მიერ კონფერენს ლიგაზე მოპოვებული ისტორიული ქულა სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ამ შედეგით საქართველომ უეფას საკლუბო რეიტინგში ჩრდილოეთ ირლანდია ჩამოიტოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2028/2029 წლების სეზონიდან ევროტურნირებზე კვლავ ოთხი კლუბით წარდგენის შესაძლებლობა გვექნება.
მოგეხსენებათ, დაქვეითებული რეიტინგის გამო, წელს საქართველოდან ევროტურნირებზე მხოლოდ 3 კლუბი ასპარეზობდა. იგივე იქნება მომავალ სეზონშიც, თუმცა 2028/2029 წლების სეზონიდან ევროთასებზე ასპარეზობისთვის კვლავ 4 ქართული კლუბი იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ უეფას კონფერენს ლიგის მესამე ტურის მატჩს იბერია 1999 6 ნოემბერს, სტუმრად კოპენჰაგენის წინააღმდეგ გამართავს.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები