მაროკომ ფეხბურთის ისტორია დაწერა - ბრაზილიასთან გამართულ მატჩში მათ მოედანზე ერთდროულად თერთმეტი ფეხბურთელი ჰყავდათ, რომლებიც მაროკოს გარეთ არიან დაბადებულნი.
მაროკოს ნაკრებში სულ 19 ასეთი ფეხბურთელი ირიცხება, რომლებიც ძირითადად ევროპის წამყვან ქვეყნებში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ბელგიაში არიან დაბადებულნი.
მაროკოს ფეხბურთის ფედერაციამ წარმატებული სტრატეგია ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ შეიმუშავა, როდესაც ევროპაში მოთამაშე მაროკოული წარმოშობის ტალანტების აქტიური ძიება და ნაკრებში მოზიდვა დაიწყეს. ეს პროცესი მეფე მოჰამედ მეექვსის მხარდაჭერით დაიწყო, რომელმაც ფეხბურთის განვითარებისთვის სპეციალური კომპლექსი და საფეხბურთო აკადემია შექმნა. ამან საშუალება მისცა ნაკრებს, ევროპული სკოლების მიერ აღზრდილი მაღალი დონის მოთამაშეები საკუთარი დროშის ქვეშ გაეერთიანებინა.
დღეს მაროკოს ნაკრები აღარ არის მხოლოდ ნაკრები მათთვის, ვინც ევროპულ გუნდებში ვერ მოხვდა. პირიქით, ეს არის არჩევანი, რომელსაც ევროპული ნაკრებების პერსპექტიული ფეხბურთელები საკუთარი ნებით აკეთებენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, მაროკო ამ მხრივ მსოფლიო ლიდერია, რადგან ბოლო ათწლეულში ევროპაში დაბადებული მაროკოელმა ფეხბურთელების 46%-მა არჩევანი სწორედ ამ ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა.
გარდა ამისა, მაროკო დიდ ინვესტიციებს დებს საკუთარ საფეხბურთო აკადემიაშიც, რომელიც თორმეტი წლიდან იღებს ნიჭიერ მოზარდებს. ამ სტრატეგიამ, რომელიც ევროპული გამოცდილებისა და ადგილობრივი აკადემიების ნაზავია, მაროკო მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და ორგანიზებულ ძალად აქცია.