იტალიის ფეხბურთის ფედერაცია უკვე ფიქრობს მომდევნო დიდ საერთაშორისო ტურნირებზე, პირველ რიგში კი 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში გაიმართება.
იტალიის ნაკრების ახლადდანიშნული სპორტული დირექტორი პაოლო მალდინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა მიიყვანოს.
ინფორმაცია თავდაპირველად Sky Italia-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, მალდინისა და ესპანელი სპეციალისტის შეხვედრა უკვე შედგა.
გვარდიოლა ამჟამად თავისუფალი აგენტია, რადგან სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერ სიტი დატოვა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლეონარდო, რომელიც იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც არის ჩართული.
იტალიური მედიის ინფორმაციით, შეხვედრა გასულ შაბათ-კვირას ბარსელონაში გაიმართა. სწორედ იქ შედგა პირველი ოფიციალური კონტაქტი გვარდიოლას შესაძლო დანიშვნის თაობაზე.
თავად ესპანელმა მწვრთნელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სიტიდან წასვლის შემდეგ მშვიდი ცხოვრებით ტკბება.
თუმცა, იტალია გვარდიოლასთვის ყოველთვის განსაკუთრებული ქვეყანა იყო. ბარსელონადან წასვლის შემდეგ მან ჯერ ბრეშაში, შემდეგ კი რომაში ითამაშა და სწორედ იმ პერიოდში შეუყვარდა აპენინის ნახევარკუნძული.
ახლა კი იტალია ოცნებობს, რომ სწორედ გვარდიოლა ჩაუდგეს სათავეში ეროვნულ გუნდს, რომელიც ბოლო წლებში კრიზისს განიცდის. მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ვერგასვლამ კი გულშემატკივრებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მანჩინი და ანდრეა პირლოც განიხილებიან, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ფედერაციის მთავარი ფავორიტი სწორედ კატალონიელი სპეციალისტია.