იტალიური მედიის ყურადღების ცენტრში ფროზინონესა და საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევი გიორგი კვერნაძეა, რომლის კოლოსალურ პროგრესსა და ევროპული გრანდების მხრიდან მზარდ ინტერესზე სპორტულმა ჟურნალისტმა ანჯელო ბატისტიმ ისაუბრა.
როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა აღნიშნა, კვერნაძე, რომელიც კლუბში პირველად ჩასვლისას უბრალოდ სწრაფ, ტექნიკურ და ტაქტიკურად დაუმუშავებელ ალმასს წარმოადგენდა, მწვრთნელების ხელში გამოიწრთო და დღეს სრულიად განსხვავებული დონის ფეხბურთელია:
უწინდელ მწვრთნელებს მისთვის შესაფერისი ტაქტიკური როლის მოძებნა გაუჭირდათ. სიტუაცია პაოლო ბიანკოს დროს შეიცვალა, რომელმაც ის მარცხენა ფრთაზე გადაიყვანა. ამას უკვე მოყვა განვითარების სერიოზული ეტაპი მასიმილიანო ალვინის ხელში. ალვინი ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდა მას, მაგრამ საჭირო იყო, რომ ფეხბურთელი დისციპლინას შეჩვეულიყო. და აი, წელიწადის შემდეგ ალვინის ჩანაფიქრი განხორციელდა.
შთამბეჭდავი სტარტის წყალობით, სერია A-სა და იტალიის თასის 6 შეხვედრაში მიღწეული 5 გოლითა და 2 საგოლე პასით, ქართველი ტალანტით ევროპის წამყვანი კლუბები ინტერესდებიან. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისით სერია ა-დან ნაპოლი, ფიორენტინა და რომა ინტერესდებიან, ინგლისიდან არსენალი და ჰალ სიტი, ხოლო გერმანიიდან დორტმუნდის ბორუსია.
სავარაუდო ტრანსფერი, რომლის ღირებულებაც 20-25 მილიონ ევროდ არის შეფასებული, შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შედგეს. ამჟამად კვერნაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბუდაპეშტშია და უნგრეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის მატჩისთვის ემზადება.