იუვენტუსმა კრიპტოვალუტის კომპანია Tether-ის მხრიდან €1 მილიარდიანი შესყიდვის შეთავაზება უარყო და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იტალიის ყველაზე წარმატებული კლუბის კონტროლი ანიელების ოჯახს დარჩება.
„იუვენტუსი, ჩვენი ისტორია და ჩვენი ღირებულებები არ იყიდება,“ - განაცხადა Exor-ის, ანიელების ოჯახის ჰოლდინგური კომპანიის, აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ელკანმა, კლუბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„იუვე ჩემი ოჯახის ნაწილია უკვე 102 წელია… ოთხმა თაობამ განამტკიცა იგი, გააძლიერა, რთულ პერიოდებში მიხედა და მრავალ სადღესასწაულო მომენტში იზეიმა,“ - აღნიშნა ელკანმა და დასძინა, რომ ოჯახი კვლავ ფოკუსირებულია „გამარჯვებული იუვენტუსის აშენებაზე“.
ფეხბურთში კრიპტოს არსებობა ახალი აღარ არის. სპონსორები, მაისურის სახელოზე ლოგოები, ფან-ტოკენები და მცირე წილობრივი ინვესტიციები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.
ბევრი კლუბისთვის, განსაკუთრებით ფინანსური ელიტის მიღმა მყოფთათვის, კრიპტო-კაპიტალმა მოკლევადიანი ლიკვიდურობა და გლობალური ხილვადობა მოიტანა.
თუმცა ისეთი დიდი ინსტიტუციის, როგორიც იუვენტუსია, სრული შესყიდვა სრულიად სხვა ეტაპს ნიშნავდა, რომლის შედეგებიც ტურინს გაცილებით გასცდებოდა.
სწორედ ეს ზღვარია, რომლის გადაკვეთასაც იუვენტუსი არ აპირებს. Exor-მა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მას „არ აქვს განზრახვა, გაყიდოს თავისი წილები იუვენტუსში მესამე მხარეზე და ეს არა მხოლოდ ელ-სალვადორში დაფუძნებულ Tether-ს ეხება“.
სათამაშო მოედანზე სტაბილურობა განსაკუთრებით საჭიროა, რადგან იუვე რთულ პერიოდს გადის, გუნდს სკუდეტო 2020 წლის შემდეგ არ მოუგია. გასულ თვეში, სეზონის რთული სტარტის შემდეგ, მთავარ მწვრთნელად ლუჩიანო სპალეტი დაინიშნა. ახალმა მწვრთნელმა მფლობელების პოზიცია დადებითად შეაფასა.
„დიდი სიამოვნებაა კიდევ ერთხელ იგრძნო ჯონ ელკანისა და მისი ოჯახის ძალა და ვნება ამ კლუბის მიმართ, ცხადია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ამ ვნებას მოედანზე შინაარსი და შედეგი მივცეთ.“ - თქვა სპალეტიმ.