-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC Freedom 250-ის მთავარი ბრძოლა მსუბუქი წონის ჩემპიონ ილია თოფურიასა და დროებით ჩემპიონ ჯასტინ გეიჯის შორის გაიმართა.
გეიჯიმ ბრძოლა ჯებითა და ლოუქიკით დაიწყო, მაშინ როცა თოფურია მაღალი დაცვით ამერიკელისკენ მიიწევდა.
ქართველი მებრძოლი დაცვაში მყარად გამოიყურებოდა და მალევე ძლიერი მარჯვენა დარტყმაც გაატარა. გეიჯი ზედა დარტყმებსაც იყენებდა და ფეხზე შეტევებსაც ცდილობდა, თუმცა თოფურია განსაკუთრებით სახიფათო იყო, როდესაც ზუსტად ურტყამდა.
ორი წუთის შემდეგ გეიჯის ჯებმა თოფურია უკან დაახევინა. ელ მატადორი პასუხობდა, თუმცა სახეზე სისხლი უკვე ეტყობოდა.
მებრძოლები ჯებებს ცვლიდნენ და ორივე მიზანს აღწევდა. რამდენიმე ძლიერი მარჯვენაც ამერიკელმა გაატარა.
თოფურიამ კი რაუნდის ბოლოს მეტოქე ბადესთან მიიმწყვდია, სხეულზე მძიმე დარტყმები მიაყენა და აქტიურად შეუტია.
მეორე რაუნდი გეიჯის მარჯვენა დარტყმით დაიწყო, თუმცა თოფურია განსაკუთრებით აქტიური გახდა სხეულზე შეტევებისას. სწორედ ამ დარტყმებმა შეცვალა ბრძოლის სურათი.
ქართველმა მეტოქე მტკივნეული დარტყმებით დააზიანა, რასაც ნამდვილი ომი მოჰყვა. ზედა დარტყმისა და კიდევ ერთი დარტყმის შემდეგ გეიჯი ძირს დაეცა.
თოფურია მას მიჰყვა და ჯერ არმბარის, შემდეგ კი სამკუთხედის ილეთის შესრულება სცადა. საბოლოოდ ამერიკელმა გადარჩენა შეძლო, თუმცა რაუნდი აშკარად თოფურიას ეკუთვნოდა.
მესამე რაუნდში გეიჯიმ ცენტრში კლინჩით დაიწყო. ბრძოლა უფრო ფრთხილი გახდა და ორივე მებრძოლი ერთეულ დარტყმებს ცვლიდა.
თუმცა მალევე ამერიკელმა ძლიერი ჯებითა და დამატებითი დარტყმით თოფურია შეარყია და ძირსაც დააგდო. ნაცვლად დარტყმების გაგრძელებისა, გეიჯიმ საბმიშენის მცდელობა აირჩია, რამაც თოფურიას აღდგენის შესაძლებლობა მისცა.
მიუხედავად ამისა, ამერიკელი კვლავ უტევდა და რაუნდის ბოლო წუთზე კიდევ ერთხელ მძიმედ შეარყია ქართველი მებრძოლი.
რაუნდებს შორის თოფურიას კუთხემ ექიმის გამოძახება მოითხოვა. ილია ამბობდა, რომ დაზიანებული თვალით ვერ ხედავდა.
მსაჯმა მარკ გოდარდმა ექიმს მებრძოლის შემოწმება დაავალა. თავდაპირველად ჩანდა, თითქოს ბრძოლა უნდა შეჩერებულიყო, თუმცა მეორე შემოწმების შემდეგ ექიმმა გაგრძელების უფლება გასცა.
მეოთხე რაუნდის დასაწყისში გეიჯიმ კვლავ რამდენიმე მძიმე დარტყმა გაატარა. თოფურიას თვალი ძლიერ შეშუპებული იყო, თუმცა მან მაინც შეძლო რამდენიმე ზუსტი მარჯვენა დარტყმის გატარება.
მიუხედავად მიღებული ზიანისა, ელ მატადორმა თითქოს მეორე სუნთქვა იპოვა, მაგრამ გეიჯის აპერკოტმა კიდევ ერთხელ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
რაუნდის მიწურულს თოფურიამ მეტოქე წააქცია და ზედა პოზიციაც მოიპოვა, თუმცა გეიჯიმ თავი იხსნა. ამის შემდეგ ილიას გდეის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ხოლო ამერიკელმა სხეულში ძლიერი მუხლის დარტყმა მიაყენა. თოფურია უკვე აშკარად გამოფიტული იყო.
რაუნდებს შორის მისი ძმა, ალექსანდრე თოფურია, ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა, თუმცა ილია სკამზე დარჩა. მოგვიანებით ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ბრძოლა კუთხის გადაწყვეტილებით შეწყდა.
ამრიგად, 3 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ჯასტინ გეიჯი UFC-ის მსუბუქი წონის უდავო ჩემპიონი გახდა. მან ილია თოფურია გატეხა, ქართველი მებრძოლი ასეთი დაზიანებული აქამდე არასდროს გვინახავს.
ბრძოლის შემდეგ გეიჯიმ ჯო როგანთან საუბარში განაცხადა:
„ვიცი, რომ ეს რაღაც ლეგენდარული იყო, რადგან თავადაც ვერ ვიჯერებ. ეს სპორტი ჩემთვის არის შექმნილი.
კიდევ ერთხელ გაჩვენეთ, რატომ ვარ ამ ოქტაგონში ყველაზე სტაბილური და ყველაზე სანახაობრივი მებრძოლი.“

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

