იუთუბერიდან ბოქსის ვარსკვლავად ქცეული ჯეიკ პოლის სპორტული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
გასული წლის დეკემბერში, ენტონი ჯოშუასთან მძიმე მარცხის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ფორმაში ჩადგომას.
საბედისწერო ტრავმა
ენტონი ჯოშუასთან ბრძოლისას, მეექვსე რაუნდში მიღებულმა ნოკაუტმა პოლს ყბის მოტეხილობა დაუტოვა. სწორედ ეს ტრავმა გახდა მისი კარიერის შეფერხების მიზეზი. 29 წლის მებრძოლმა არიელ ჰელვანის შოუში აღიარა, რომ უახლოეს დღეებში გადამწყვეტი გამოკვლევა ელის.
„რამდენიმე დღეში ყბის ახალ სკანირებას გავიკეთებ, რომ გავიგო, როგორ მიმდინარეობს შეხორცების პროცესი. ექიმების პასუხზე იქნება დამოკიდებული, საერთოდ შევძლებ თუ არა ოდესმე რინგზე დაბრუნებას,“ - განაცხადა პოლმა.
პენსია რეალურია?
ჯეიკ პოლი, რომლის რეკორდი ბოქსში 12-2-ია, არ მალავს, რომ სპორტიდან წასვლა სავსებით შესაძლებელია:
„ეს ნამდვილად რეალური შესაძლებლობაა. დროთა განმავლობაში თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ ჯერ ექიმებისგან სპარინგის უფლება უნდა მივიღო. ჩემი მომავალი მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეხორცდება ძვალი.“
მიუხედავად გაურკვევლობისა, პოლი პრომოუტერულ საქმიანობას აგრძელებს და Netflix-ზე პირველი MMA ღონისძიების ორგანიზებაზეა ფოკუსირებული, სადაც რონდა როუზისა და ჯინა კარანოს დაპირისპირება იგეგმება.