ჰანოის სამხრეთ ნაწილში მასშტაბური პროექტი იწყება, რომელიც მსოფლიო სტადიონების იერარქიას სრულიად შეცვლის.
პროექტის ცენტრალური ფიგურა ტრონგ დონგის (Trong Dong) სტადიონია, რომელიც 135 000 მაყურებელზეა გათვლილი. ამ მაჩვენებლით ის პირველ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს უდიდეს არენებს შორის და უკან ჩამოიტოვებს ისეთ გიგანტებს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეის პირველი მაისის სტადიონი და ახალი კამპ ნოუ.
სტადიონის არქიტექტურა ვიეტნამურ ტრადიციებშია ფესვგადგმული და ვიზუალურად ბრინჯაოს დოლებს მოგვაგონებს, ხოლო ფასადი ეროვნული სიმბოლოებით იქნება გაფორმებული. არენა მხოლოდ ფეხბურთისთვისაა განკუთვნილი და აღიჭურვება უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის მსოფლიოში უდიდესი მოძრავი სახურავითა და მოედნის გამოსაწევი სისტემით, რომლის მუშაობასაც ხელოვნური ინტელექტი გააკონტროლებს.

ეს გრანდიოზული ნაგებობა მხოლოდ ნაწილია უფრო დიდი მეგაპროექტისა, რომელსაც Olympic Sports City ჰქვია. 38 მილიარდ დოლარად შეფასებული პროექტი 9 000 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს და გათვლილია 750 000 მცხოვრებზე. სტადიონის გარდა, ტერიტორიაზე აშენდება საცურაო ცენტრი, კიბერსპორტის არენა, საავადმყოფოები და სავაჭრო ცენტრები, რაც ვიეტნამს საშუალებას მისცემს სამომავლოდ აზიურ ან ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს.
პროექტის განხორციელებაზე კომპანია Vingroup ზრუნავს. მშენებლობას 2025 წლის დეკემბერში ჩაეყარა საფუძველი, გეგმის მიხედვით კი ტრონგ დონგის სტადიონი 2028 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს, ხოლო მთლიანი სპორტული ქალაქის მშენებლობა 2035 წლისთვისაა ნავარაუდები.