კაფუმ აღნიშნა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ბრაზილიას ნეიმარის დონის ფეხბურთელი არ ჰყოლია.
„რა განსხვავებაა 2002 წლის ნაკრებსა და ამჟამინდელს შორის? ყველაფერი ძალიან მარტივია. 2002 წელს, თუ რონალდოს ცუდი თამაში ჰქონდა, მატჩის ბედს რონალდინიო წყვეტდა. თუ ორივეს არ მისდიოდა თამაში, ინიციატივას რივალდო იღებდა საკუთარ თავზე. თუ სამივეს არ ეწყობოდა მატჩი, რობერტო კარლოსს გაჰქონდა ჯარიმიდან.
ჩვენ მატჩის ბედის გადასაწყვეტად ბევრი გზა გვქონდა. ბოლო 15 წელი კი მთელი პასუხისმგებლობა ნეიმარს ავკიდეთ. ეს ფაქტია. ეს მის მიმართ სასტიკი საქციელია.
15 წლის განმავლობაში ნეიმარს ნაკრებში არ ჰყოლია მისი კალიბრის პარტნიორები, ვისთან ერთადაც მოედანზე პასუხისმგებლობას გაინაწილებდა; ვინც ეტყოდა: „ნეიმარ, დღეს ყველაფერს მე ვიღებ საკუთარ თავზე, შეგიძლია არ ინერვიულო“.
ნეიმარი 15 წელი ყველაფერს მარტო აკეთებდა და ეს არასწორია“, – განაცხადა მილანის ყოფილმა მცველმა.