1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რამდენიმეთვიანი დაპირისპირებისა და გაურკვევლობის შემდეგ ვითარება ჩიხში შევიდა. ეს გასულ კვირასაც გამოჩნდა, როდესაც ვილიარეალთან მატჩის დროს ტრიბუნებზე დიდი ხმაური იყო.
იგივე განმეორდა დღესაც, როდესაც ფეხბურთელმა განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და ვარჯიშზე ვერ მივიდოდა.
ატლეტიკოში კი მიაჩნიათ, რომ ამ ყველაფერმა უკვე ზღვარს გადააჭარბა. კლუბში პირდაპირ ამბობენ:
„ფეხბურთელს მსხვერპლად წარმოაჩენენ, მაგრამ ხულიანის საქმეში ერთადერთი მსხვერპლი ჩვენ ვართ“, - განუცხადა რამდენიმე ავტორიტეტულმა წყარომ მედიას.
კლუბში დაიღალნენ როგორც ფეხბურთელის აგენტის ქმედებებით, ისე ბარსელონას საქციელით, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მოთამაშეს მოლოდინის რეჟიმში ამყოფებს.
„მათ ზიანი მოგვაყენეს როგორც ფინანსურად, ისე საზოგადოებრივი იმიჯის თვალსაზრისით“, - აცხადებენ კლუბში და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ მთელი ამ პრობლემის მთავარი დაზარალებული ატლეტიკოა.
მადრიდელები საკუთარ პოზიციას არ ცვლიან: „მისი ბარსელონაში გაყიდვის შანსი 0%-ია“, - პასუხობენ ისინი გავრცელებულ მოსაზრებებს, რომ ფეხბურთელის საბოლოო დანიშნულების ადგილი კამპ ნოუა.
„ეს სიტუაცია ფულს არ ეხება, ეს ღირსების საკითხია“, - ამტკიცებენ მეტროპოლიტანოზე.
შეიქმნა კამპანია, რომელიც უამრავ ტყუილსა და ნახევრად სიმართლეს ეფუძნება. ერთადერთი, ვინც ამის საფასურს იხდის, ატლეტიკოა.
კლუბში ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მათი ვარსკვლავი სათანადო დონეზე ვერ თამაშობს, რაც ვილიარეალთან საშინაო მატჩშიც გამოჩნდა.
სწორედ ამიტომ, ატლეტიკოში აცხადებენ, რომ მხოლოდ კლუბის ინტერესებს იცავენ. შესაბამისად, ადრე შეტანილი საჩივარი განახლდება და მასში აისახება ყველაფერი, რასაც როგორც ბარსელონა, ისე ფერნანდო იდალგო აკეთებენ - აგენტი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ფეხბურთელის კლუბიდან წასვლას ცდილობს.
საქმე იქამდეც მივიდა, რომ ხულიანმა მარტში უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც მას კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევდა, მისი ხელფასი 7 მილიონი ევროდან 10 მილიონ ევრომდე გაიზრდებოდა.
მან ასევე არ გაითვალისწინა კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დაწესებული ვადა: 150 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება (საკომისიოების გარეშე) 20 ივნისამდე უნდა შესულიყო, თუმცა ასეთი წინადადება ატლეტიკოს ოფისში არასდროს მისულა.
ახლა კი მადრიდულ კლუბში მიაჩნიათ, რომ ხულიანის საქმეში მოთმინების ზღვარი ამოიწურა.
ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სამედიცინო კონტექსტიც ახლავს. ატლეტიკო ფეხბურთელს მხარს უჭერს და როგორც კი მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება, შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.
თუმცა კლუბში მიუღებლად მიაჩნიათ ისეთი დელიკატური საკითხებით „თამაში“, როგორიც ფსიქიკური ჯანმრთელობა, შფოთვა ან დეპრესიაა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ატლეტიკო ფეხბურთელს საკუთარ სამედიცინო სამსახურს სთავაზობს, რათა ხულიანმა გუნდში დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეძლოს, რაც სრული გამოჯანმრთელების გარანტია ექნება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები