ბარსელონამ თავისი 18 წლის ბელგიელი ტალანტის, ჯესი ბისივუს განვითარებისთვის მკაფიო გეგმა შეიმუშავა, სანამ იგი ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარებასა და პირველ გუნდთან ერთად სრულფასოვნად ვარჯიშის უფლებას ელოდება.
ბიუროკრატიული პრობლემები და დროებითი გამოსავალი
ბელგიელი გარემარბი ამჟამად ბარსა ატლეტიკთან (სარეზერვო გუნდი) ერთად ვარჯიშობს. ვიზასთან დაკავშირებულმა შეფერხებებმა მას ხელი შეუშალა, რომ ლა ლიგისგან მთავარ გუნდში სათამაშოდ მწვანე შუქი მიეღო. ბისივუ სარეზერვო გუნდთან გატარებულ პერიოდს მაქსიმალურად იყენებს, მოსალოდნელია, რომ იგი ოთხშაბათს საღამოს, იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე რეუსის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რაც მას ადაპტაციასა და კონკურენტულ გარემოში ფორმის შენარჩუნებაში დაეხმარება.
კლუბის გრძელვადიანი ხედვა
ახალგაზრდა ფეხბურთელის სარეზერვო გუნდში ყოფნა არ ნიშნავს, რომ კლუბი მას პირველი გუნდისგან აშორებს. პირიქით, ბარსელონას ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ბისივუ პირველი გუნდის გარემოში უნდა დარჩეს და მისი ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, ფეხბურთელის ბარსა ატლეტიკში“დარეგისტრირება მხოლოდ სპორტული გამოსავალია, რათა მას ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობისა და სათამაშო წუთების დაგროვების საშუალება მიეცეს.
შთამბეჭდავი პრესეზონი
შეგახსენებთ, რომ ბისივუმ წინასასეზონო მზადების დროს დიდი ყურადღება მიიპყრო. მან შვეიცარიულ ბაზელთან 4:2 მოგებულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და ასევე ითამაშა ჟოან გამპერის თასზე ეგვიპტური ალ-აჰლის წინააღმდეგ. სანამ ბისივუ მთავარ გუნდს დაუბრუნდება, ის სარეზერვო გუნდს დაეხმარება, რომელსაც მოსამზადებელ ეტაპზე ჯერჯერობით არც ისე სახარბიელო შედეგები აქვს, 4 ამხანაგური მატჩიდან ბარსა ატლეტიკმა მხოლოდ 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2 შეხვედრა წააგო.