საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ქართული ფეხბურთის ფენომენზე.
ცნობილმა სპორტულმა ბლოგერმა, ჯორჯ ვუდვარდმა, ვრცელი ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა, სადაც პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, 1960-იანი წლების ლეგენდარულ ქართველ გარემარბს, მიხეილ მესხს შეადარა. ბლოგი ხაზს უსვამს, რომ კვარაცხელია არა უბრალოდ ვარსკვლავი, არამედ იმ უნიკალური საფეხბურთო დინასტიის გამგრძელებელია, რომელმაც ათწლეულების წინ გააოცა მსოფლიო.
ხვიჩა კვარაცხელიას დაბადებამდე ზუსტად ათი წლით ადრე, 1991 წელს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მიხეილ მესხი გარდაიცვალა. ათი წლის შემდეგ კი თბილისში დაიბადა ბიჭი, რომელმაც მესხის მსგავსად თბილისის დინამოს საფეხბურთო სკოლა გაიარა. დღეს კვარაცხელია მსოფლიო ასპარეზზე ზუსტად იმ თვისებებით ბრწყინავს, რითაც მესხი თავის დროზე - არასტანდარტული ტექნიკით, ფენომენალური შრომისმოყვარეობითა და გაუგონარი დრიბლინგით.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ხვიჩას თამაშის სტილი ძალიან ჰგავს მესხისას. მიხეილი იმ იშვიათ ფეხბურთელთა სიაშია, რომლის სახელიც საფირმო ილეთს - მესხის ფინტს დაერქვა. ის მარცხენა ფეხით ბურთს გადააბიჯებდა, მარჯვენათი წინ უგდებდა, მცველს ერთი მხრიდან უვლიდა და ბურთს მეორე მხრიდან იღებდა. სწორედ ამგვარი, გენეტიკური დონეზე კოდირებული დრიბლინგით აგიჟებს დღეს ხვიჩა კვარაცხელია ევროპული გრანდების მცველებს.
ძველი თაობისგან განსხვავებით, კვარაცხელიამ მოახერხა და სრულად დასძლია ე.წ. განწყობის მოთამაშის სინდრომი. თუ მესხის დროს პარტნიორები თამაშის წინ კითხულობდნენ, რა ხასიათზე იყო მათი ლიდერი, ხვიჩა ყოველ მატჩში სტაბილურობის, დაცვაში მუშაობისა და უმაღლესი კლასის სიმბოლოა, რასაც მისი საოცარი სტატისტიკაც მოწმობს.
მიხეილ მესხისთვის ევროპული აღიარება 1960 წლის პირველ ევროპის ჩემპიონატზე მოვიდა, როდესაც ფინალში, იუგოსლავიასთან, სწორედ მისმა ზუსტმა საგოლე გადაცემამ გადაწყვიტა ტიტულის ბედი. კვარაცხელიამ კი ეს მასშტაბები კიდევ უფრო გაზარდა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის 8 მატჩში 10 საგოლე მოქმედებით, ხვიჩა თანამედროვე ფეხბურთის ელიტაში დამკვიდრდა.
1964 წელს მესხმა თბილისის დინამოს ისტორიული ჩემპიონობა მოუტანა, ხვიჩა კვარაცხელია კი დღეს სრულიად საქართველოს სახელს უკვდავყოფს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე.