-
Aa
+
ფონტის ზომა
მუნდიალების ისტორიას არაერთი საკამათო და არასამართლიანი გადაწყვეტილება თუ კონტროვერსია ახსოვს. სამნაწილიან ბლოგების სერიაში მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ სკანდალურ შემთხვევებს გავიხსენებთ.
პირველი ნაწილი იხილეთ აქ: სუარესის უსამართლო გაძევება განასთან და მუნდიალის სხვა სკანდალები. ნაწილი I
სამხრეთ კორეა - 2002.
სამხრეთ კორეასა და იაპონიაში გამართული მუნდიალი საკმაოდ სკანდალური და სანსაციური აღმოჩნდა - ყველასთვის მოულოდნელად მესამე ადგილი თურქეთის ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მეოთხე სამხრეთ კორეამ. სკანდალი მასპინძელთა სასარგებლოდ დაშვებულმა არაერთმა “შეცდომამ” გამოიწვია, რასაც ჯერ იტალია, შემდეგ კი ესპანეთი შეეწირა.
მერვედფინალში, მასპინძლებისა და იტალიის დაძაბული დაპირისპირების 103-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა ფრანჩესკო ტოტის სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა - მართალია კორეელმა მცველმა ჯერ ბურთზე ითამაშა, თუმცა ათიანს ფეხებშიც საკმაოდ ძლიერად ჩაარტყა. გარდა ამისა, სადავო ეპიზოდების უმეტესებაში, ეკვადორელი არბიტრი მასპინძელების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა. კორეამ მატჩის ბოლოს მეორედ გაიტანა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
უსამართლობით აღშფოთებულმა გულშემატკივარმა ჯერ არ იცოდა, თუ რა მოელოდა ესპანეთის ნაკრებს. ესპანელებმა ორჯერ გაიტანეს - მსაჯმა ორივე შემთხვევაში დარტყმამდე ჩასტვინა. პირველ შემთხვევაში ეგვიპტელმა არბიტრმა საეჭვო ჯარიმა დააფიქსირა, მეორე გოლზე კი გვერდითმა მსაჯმა ბურთის არარსებული გადასვლა. გარდა ამ ეპიზოდებისა, მსაჯთა გუნდის მიკერძოებულობა სხვა არაერთ ეპიზოდშიც გამოიკვეთა - პენალტების სერიამდე მისული მატჩი ისევ მასპინძლებს გამარჯვებით დასრულდა.
ანტონიო რატინის გაძევება
1966 წლის მუნდიალს თან უამრავი სკანდალი სდევდა - არგენტინელთა და ურუგვაეილთა გარეშე ჩატარებული საეჭვო კენჭისყრიდან დაწყებული, ფინალში საეჭვო გოლით დამთავრებული. გამონაკლისი არც მასპინძელი ინგლისისა და არგენტინის მეოთხედფინალური დაპირისპირება ყოფილა - მატჩის გერმანელმა არბიტრმა 35-ე წუთზე არგენტინელთა კაპიტანი, ანტონიო რატინი მოედნიდან მასთან კამათის გამო გააძევა. მიუხედავად იმისა, რომ რუდოლფ კრეიტლერი ესპანურის ბაიბურში არ იყო, ამტკიცებდა, რომ ათიანმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.
არგენტინელთა კაპიტანი არსად აპირებდა წასვლას - რვა წუთიანი გარჩევის შემდეგ რატინს მოედანი სამართალ დამცველებმა დაატოვებინეს. იმედგაცრუებულმა არგენტინელმა არც უემბილზე დამსწრე 90 000 გულშემატკივარი მოიხსენია კარგად და არც დედოფალი.
ესპანეთი v ნიდერლანდები.
2010 წლის მუნდიალის ფინალში დაძაბულობა უხეშობამ გადაფარა - ინგლისელ ჰოვარდ უებს ფეხბურთელებისთვის 15-ჯერ მოუწია ბარათის ჩვენება, ამასთანავე 47-ჯერ დააფიქსირა თამაშის წესების დარღვევა. ნიდერლანდელების პრეტენზია კი არ დანიშნულ ჯარიმაზე ჰქონდათ, რომელსაც ინიესტას ცნობილი გოლი მოჰყვა. უებმა მატჩის ერთადერთი წითელი ბარათი 109-ე წუთზე გამოიყენა - ინგლისელმა მოედნიდან ჯონ ჰეიტინგა გააძევა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ნიდერლანდელები ათი კაცით ბევრად ადრე, კერძოდ მატჩის 28-ე წუთზე უნდა დარჩენილიყვნენ, როდესაც ნაიჯელ დე იონგმა ჩაბი ალონსო კუნგ-ფუს ილეთით დააგდო.
ურუგვაი v დასავლეთ გერმანია
ინგლისში ჩატარებულ 1966 წლის მუნდიალს რომ სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია უკვე გითხარით - გამონაკლისი არც ურუგვაისა და დასავლეთ გერმანიის ნაკრებების მეოთხედფინალური მატჩი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესნაკრები მატჩის სტარტზევე დაწინაურდა, სამხრეთამერიკელები შეტევების ნაკლებობას არ უჩიოდნენ. მეორე ტაიმის სტარტზე ინგლისელმა არბიტრმა ერთმანეთის მიყოლებით ორი ურუგვაელი გააძევა, რასაც მოედანზე დიდი არეულობა მოჰყვა - თამაშის გასაახლებლად სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. ცხრაკაციანმა ურუგვაიმ გერმანელთა შეტევებს 70-ე წუთამდე გაუძლო, შემდეგ კი კიდევ სამი გოლი გაუშვა. სამხრეთამერიკელებს პრეტენზია მატჩის პირველ ნახევარში მომხდარ ეპიზოდზეც ჰქონდათ - მათი მტკიცებით გერმანელმა კარის ხაზზე ხელით ითამაშა.
არგენტინა - პერუს სკანდალი
სკანდალების ნაკლებობას არც სამხედრო დიქტატორული რეჟიმის მქონე არგენტინაში გამართული 1978 წლის მუნდიალი უჩიოდა - მასპინძელსა და პერუს შორის გამართული შეხვედრა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე კონტროვერსიულ ამბად რჩება ფეხბურთის ისტორიაში. მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში არგენტინას ფინალში გასასვლელად მეტოქის ოთხი ბურთით დამარცხება სჭირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინალში ბრაზილია ითამაშებდა - როსარიოში გამართულ შეხვედრაში ალბისელესტემ 6:0 იმარჯვა.
კონტროვერსიული მატჩის შესახებ უამრავი დაუდასტურებელი მოსაზრება არსებობს - ერთი ვერსიით მატჩამდე პერუელთა გასახდელში თვით გენერალი ვიდელა იმყოფებოდა. მეორე ვერსიით არგენტინის სამხედრო მთავრობამ პერუს 35 000 ტონა მარცვლეული გაუგზავნა და პერუსთვის გაყინული 50 მილიონი დოლარის აქტივებიც გაათავისუფლა. სხვა ბრალდებების თანახმად, მატჩის განზრახ დათმობის სანაცვლოდ, პერუსა და არგენტინის ხელისუფლებებმა მემარცხენე პოლიტიკური დისიდენტები გაცვალეს. ამ შავ-ბნელი ვერსიების ფონზე, არაერთ ბანალური ვერსიაც შემოგვრჩა - ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სამმა პერუელმა, კუბილასმა, ობლიტასმა და ჩუმპიტასმა მატჩი გაყიდეს.

ნიკოლოზ კვარაცხელია
16 ივნ, 2026
17 ივნ, 2026
კომენტარები

