2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯეფ ჰერსტის გოლი გერმანიის კარში
ფეხბურთის სამშობლოში 1966 წელს გამართული მსოფლიო თასი არაერთი კონტროვერსიით შევიდა ფეხბურთის ისტორიაში, ხოლო მუნდიალების ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სამსაჯო შეცდომა ამ ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში დაფიქსირდა. მსოფლიო თასის ფინალში ერთმანეთს მასპინძელი ინგლისი და დასავლეთ გერმანიის ნაკრები დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა - მასპინძელთაგან ჯეფ ჰერსტმა და მარტინ პეტერსმა გაიტანეს, სტუმრებთაგან კი ჰელმუტ ჰელერი და ვოლფგანგ ვებერი გამოირჩნენ.
შეხვედრის 101-ე წუთზე ჰერსტმა კიდევ ერთხელ დაარტყა ტილკოვსკის კარისკენ. ბურთი ხარიხიდან გერმანელთა კარის ხაზზე დაეცა - შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, აზერბაიჯანელ გვერდით არბიტრ ტოფიქ ბახრამოვთან კონსულტაციის შემდეგ გოლი ჩათვალა.
შეხვედრის ბოლო წუთზე ჰერტსმა კიდევ ერთხელ გაისროლა. მრავალი წლის მანძილზე, ინგლისელი იყო ერთადერთი, ვისაც მუნდიალის ფინალში ჰეთ-თრიქი გაუტანია - 2022 წლის ეს შედეგი კილიან მბაპემ გაიმეორა.
ზიკოს არჩათვლილი გოლი შვედეთის კარში
არც არგენტინაში ჩატარებული 1978 წლის მუნდიალი უჩიოდა სკანდალების ნაკლებობას. ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტი კი პირველივე ტურში დაფიქსირდა. შვედეთისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის ბოლო წუთზე სამხრეთამერიკელებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვეს - ნელინიოს ჩაწოდებულს ზიკო გამოეხმაურა და ბრწყინვალე თავურით გადაგზავნა ბურთი შვედების კარში. მატჩის მთავარმა არბიტრმა, კლაივ ტომასმა ბურთის კარის ბადეში გახვევამდე ჩასტვინა და თამაში დაამთავრა.
სუარესის გაძევება განასთან
2010 წლის მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომენტი ლუის სუარესის სეივია განას წინააღმდეგ - მატჩის 121-ე წუთზე ურუგვაელმა აპიას დარტყმული ფეხით მოიგერია, შემდეგ კი ადიაის თავური გამოიტანა კარის ხაზიდან ხელით. მსაჯმა ურუგვაელი გააძევა. ასამოა გიანმა თავისი გუნდის ნახევარფინალში გაყვანა ვერ შეძლო - განელის დარტყმული ხარიხას მოხვდა. პენალტების სერიაში ურუგვაელებმა სებასტიან აბრეუს ლეგენდარული თერთმეტმეტრიანით იმარჯვეს.
გამეორებაზე გამოჩნდა, რომ სუარესის გაძევება არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, მაგრამ გულშემატკივართა უმრავლესობას ეს გამორჩა - პირველი დარტყმის მომენტში, განელი ათიანი, სტეფენ აპია აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შუმახერის ბრუტალური შეჯახება ბატისტონთან
1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალს გერმანიასა და საფრანგეთს შორის, სამართლიანად აქვს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მატჩობაზე პრეტენზია. მატჩში ანგარიში პიერ ლიტბარსკიმ გახსნა. პლატინიმ ანგარიში მალევე გათანაბრა - ფრანგმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.
მატჩის 57-ე წუთზე პლატინის ჩინებულ გადაცემას პატრიკ ბატისტონი გამოეხმაურა და ბურთი ტონი შუმახერის კარისკენ გადაგზავნა - კარიდან გამოსული კიპერი ფრანგს საჯარიმოში ბრუტალურად დაეჯახა - ბატისტონი მოედანზე უგონოდ დაეცა. შეჯახების შემდეგ ფრანგმა სამი კბილი დაკარგა, ხერხემლის მალა დაიზიანა და გარკვეული დრო კომაში გაატარა. ბატისტონს მოედანზე ჟანგბადის მიწოდება დასჭირდა - ცენტრალური მცველი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. შეხვედრის ნიდერლანდელმა არბიტრმა, ჩარლზ კორვერმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა - შუმახერმა თამაში კარიდან დარტყმით განაახლა.
მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც საფრანგეთმა ორბურთიანი უპირატესობაც კი მოიპოვა - გერმანელებმა თამაშში დაბრუნება შეძლეს. მატჩი 3:3 დასრულდა - ფინალისტის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა, რომლის გმირიც ამ ისტორიის ბოროტმოქმედი, შუმახერი გახდა - ტონიმ ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და გერმანია ფინალში გაიყვანა.
ლამპარდის არჩათვლილი გოლი გერმანიის კარში
მატჩი, რომლის შემდეგაც ფიფამ კარის ხაზის ტექნოლოგიის დანერგვის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო, 2010 წელს ინგლისსა და გერმანიას შორის გამართული მერვედფინალია. სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ, ბლომფონტეინში გამართულ მატჩში გერმანელებმა მალევე მოიპოვეს ორბურთიანი უპირატესობა - მეთიუ აპსონმა ინგლისელები თამაშში დააბრუნა, 37-ე წუთზე კი ანგარიში ფრენკ ლამპარდმა “გაათანაბრა”. ინგლისელთა საუბედუროდ, ნოიერის კარის ხაზს გადაცდენილი ბურთი ვერცერთმა არბიტრმა შენიშნა - ხორხე მარიონდამ ფეხბურთელებს თამაშის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
მატჩის მეორე ტაიმში გერმანელებმა კიდევ ორჯერ აიღეს დევიდ ჯეიმსის კარი - თავი ორივეჯერ ტომას მიულერმა გამოიჩინა.
ღმერთის ხელი
მარადონას “ღმერთის ხელი” არათუ მუნდიალების, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მოვლენაა. 1986 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ერთმანეთს ინგლისი და არგენტინა შეხვდნენ - მატჩი 1982 წელს მომხდარი ფოლკლენდის ომის გაგრძელებად შეირაცხა.
ანგარიში მატჩის 51-ე წუთზე დიეგო მარადონამ შილტონის კარში ხელით გატანილი გოლით გახსნა - დიეგოს ხელით თამაში ყველამ დაინახა მატჩის მთავარი არბიტრის, ალი ბენასეურის გარდა. გოლი ჩაითვალა. იკონური მომენტიდან ოთხ წუთში დიეგომ კიდევ ერთხელ აიღო ინგლისელთა კარი - ამჯერად დიეგომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო გოლი გაიტანა.
ინგლისელებს პრეტენზია ამ გოლზეც აქვთ - ლეგენდარულ დრიბლინგამდე რამდენიმე წამით ადრე არგენტინელი მცველი მოედნის ცენტრში გლენ ჰუდლიზე დაჯარიმდა - იქვე მდგომმა არბიტრმა ეპიზოდი გაატარა. ინგლისელებმა მატჩში დაბრუნება 81-ე წუთზე მოახერხეს - მუნდიალის ბომბარდირმა, გარი ლინეკერმა თავისი მეექვსე გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ინგლისელები ვერაფერს გახდნენ - არგენტინა ნახევარფინალში გავიდა.
ბლოგების შემდეგ ნაწილში 2002 წლის მუნდიალის სკანდალებს, არგენტინა-პერუს კონსპირაციას, ანტონიო რატინის გაძევებასა და კიდევ არაერთ საინტერესო ამბავს გაგახსენებთ.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

