ურუგვაის ნაკრებში, მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურის ესპანეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, შიდა კონფლიქტმა იფეთქა.
სერხიო როჩეტმა, მანუელ უგარტემ, როდრიგო ბენტანკურმა და ფედერიკო ვალვერდემ მთავარ მწვრთნელთან, მარსელო ბიელსასთან შეხვედრა თავად მოითხოვეს. ფეხბურთელებმა სპეციალისტს განუცხადეს, რომ მძიმე და გადატვირთული ვარჯიშების გამო გუნდი ფიზიკურად გამოფიტულია. მაგალითად მათ 2025 წლის ნოემბერში, აშშ-სთან ამხანაგური მატჩის წინ (1:5) ჩატარებული ვარჯიში მოიყვანეს, როცა მოედანზე აბსოლუტურად დაცლილები გავიდნენ.
ლიდერებმა ბიელსას ესპანეთთან ტაქტიკის შეცვლაც შესთავაზეს - მათ დაბალ ბლოკში თამაში და კონტრშეტევებზე აქცენტის გაკეთება სურდათ, რაც მწვრთნელის ხედვისგან მკვეთრად განსხვავდება.
საბოლოოდ, ოთხი ფეხბურთელის კერძო საუბარი გუნდის საერთო კრებაში გადაიზარდა. ბიელსამ შეუჩერებლად, 48 წუთის განმავლობაში ისაუბრა საკუთარ საფეხბურთო ფილოსოფიაზე. მან მოთამაშეებს ძველი კონფლიქტებიც შეახსენა, მათ შორის ლუის სუარესის გარშემო ატეხილი სკანდალი და აღნიშნა, რომ მაშინაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გუნდი მის გაგდებას ცდილობდა. ბიელსამ ისიც თქვა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს (მაგალითად სებასტიან კასერესსა და მაქსიმილიანო არაუხოს) კარიერის აწყობაში დაეხმარა, ტაქტიკაზე კი მოკლედ მოუჭრა - ურუგვაი ესპანეთის წინააღმდეგ თავის სტილში ითამაშებს.
როდესაც მწვრთნელმა სიტყვა 40 წუთის შემდეგ მცირედით შეაჩერა, რამდენიმე ფეხბურთელმა ოთახის დატოვება დაიწყო. ხოსე ხიმენესი მათ შეჩერებას შეეცადა, თუმცა ამაოდ - ნაწილი წავიდა, ნაწილი კი ბოლომდე დარჩა, სანამ ბიელსამ კრება არ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალზე ურუგვაის ორ ტურში ორი ფრე აქვს - საუდის არაბეთთან (1:1) და კაბო-ვერდესთან (2:2).