გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა განაცხადა, რომ მილანის ინტერის მცველი იან აურელ ბისეკი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში ყოფნას იმსახურებდა.
თავის პოდკასტში Einfach mal Luppen კროოსმა 25 წლის ფეხბურთელის თამაში შეაფასა.
„მან ყურადღება ჯერ კიდევ გასულ წელს მიაქცია. ის ძალიან კარგი ცენტრალური მცველია, რომელსაც მოედანზე განსაკუთრებული აურა და ძალა აქვს. მის წინააღმდეგ თამაში, ან თუნდაც მასთან ორთაბრძოლაში შესვლა, ნამდვილად არავის მოუნდება.“
ტონის პოზიცია მისმა ძმამ, ფელიქს კროოსმაც გაიზიარა, თუმცა ორივემ აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ და მისი კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენება მათი საქმე არ არის.
ბისეკს გერმანიის მთავარ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა მიმდინარე მუნდიალის წინ ის განაცხადის რეალურ კანდიდატად განიხილებოდა. კიოლნში დაბადებული მცველი ინტერის ძირითადის შეუცვლელი წევრია - გასულ სეზონში მან 36 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა და იტალიურ გუნდთან ერთად დუბლი (ჩემპიონატი და თასი) მოიგო.
ნაგელსმანმა ბისეკის ნაცვლად არჩევანი ისეთ მცველებზე შეაჩერა, როგორებიც არიან ჯონათან ტა, ნიკო შლოტერბეკი, ვალდემარ ანტონი, ანტონიო რუდიგერი და მალიკ ჩაუ. გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში გამოვა, სადაც კურასაოს, კოტ-დ’ივუარისა და ეკვადორის წინააღმდეგ ითამაშებს.