GFFN-მა ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონის სიმბოლურ გუნდში მარცხენა ვინგერის პოზიციაზე დასახელდა, რაც მის მიერ პსჟ-ს საჩემპიონო ტრიუმფში შეტანილი წვლილის აღიარებაა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქართველი ფეხბურთელი სწორედ ის გადამწყვეტი შეხვედრების მოთამაშე აღმოჩნდა, რომელიც პარიზულ გრანდს წარსულში ასე აკლდა.
საინტერესოა, რომ მისი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში ტურნირების მიხედვით საგრძნობლად განსხვავდება. ლიგა 1-ის 27 მატჩში მან 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, მაშინ როდესაც ჩემპიონთა ლიგის სულ რაღაც 15 შეხვედრაში 10 გოლისა და 6 ასისტის ავტორი გახდა.
ამ მკვეთრ სხვაობაზე აპრილში, ნანტთან შესრულებული დუბლის შემდეგ, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც კი იხუმრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს თამაშები აერია და ნანტთან შეხვედრაც ჩემპიონთა ლიგის მატჩი ეგონა.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კვარას საფრანგეთის ჩემპიონატში გუნდის წარმატებაში (ზედიზედ მეხუთე ტიტულის მოპოვებაში) წვლილი არ მიუძღვის, თუმცა, აშკარაა, რომ თავის საუკეთესო და შთამბეჭდავ ვერსიას ის სპეციალურად ყველაზე მნიშვნელოვანი, ევროპული საღამოებისთვის ინახავს.
წარსულში, როდესაც პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე კრიზისს განიცდიდა, მის ვარსკვლავ მოთამაშეებს ხშირად სწორედ საპირისპიროს აბრალებდნენ - რომ დიდ თამაშებში ქრებოდნენ. კვარაცხელიაზე კი ნათქვამია, რომ ის არ არის ე.წ. „flat-track bully“ (მოთამაშე, რომელიც მხოლოდ სუსტ მეტოქეებთან ბრწყინავს), პირიქით, ის არის ნამდვილი დიდი მატჩების ვარსკვლავი, რომელიც პარიზელებს აქამდე ასე სჭირდებოდათ.