apeople-ს ოფისში ვიზიტისას, ფაბრიციო რომანოს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვკითხეთ.
„პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ საქართველოში ყოფნა და კვარაზე აქედან საუბარი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან იგი ყოველთვის ნაპოლის გმირი იქნება. არის შემთხვევები, როცა იგებენ და იმ მომენტის ლიდერები ავიწყდებათ, მაგრამ რაც კვარამ გააკეთა ეს განსაკუთრებულია და განსაკუთრებულია ის ფორმა, როგორც მან ეს გააკეთა.
იგი გახდა გმირი იმ ქალაქის, რომელშიც, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო მეტი საფეხბურთო ვნებაა. ქალაქისთვის, რომელსაც აღარც კი ახსოვდა, როგორია დიდი ტიტულის მოგება, როგორია სკუდეტოს მოგება. ეს ყველაფერი სამუდამოდ დარჩება და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა, ეს ობიექტური რეალობაა.
რაც შეეხება ჩემს აზრს, როგორც სპორტის ჟურნალისტისა და ფეხბურთის გულშემატკივრის, ამჟამად მსოფლიოში 5-6 ფეხბურთელია, რომელიც რაღაც ისეთს შექმნის, რაც დივანიდან წამომახტუნებს და ზეიმს დამაწყებინებს. კვარა ამას სეზონში სამ, ოთხ და ხუთჯერ აკეთებს.
ის განსაკუთრებულია - ხარისხის გარდა, მისი ინტენსივობა და მენტალიტეტი არის ის, რის გამოც მე ფეხბურთელი მიყვარს. ფეხბურთი საჭმელივით და ღვინოსავითაა, შეგიძლია, შენი ფავორიტი გყავდეს. თქვენ უნდა ამაყობდეთ იმით, რომ ის ამ ქვეყანას წარმოადგენს, არა მხოლოდ მისი ხარისხის გამო, არამედ ყველაფერ იმის, რაც ამ ხარისხს შეადგენს. ბევრი, ბევრი ფეხბურთელისთვის მაგალითია.
ის მხოლოდ საქართველოს გმირი არაა, ჩემი აზრით, ქალაქ ნეაპოლის გმირიცაა და ისეთი ფიგურების გვერდით დგას როგორებიც მარადონა და იგუაინი არიან. დამიჯერეთ, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება“.