3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფაბრიციო რომანო apeople-ს ოფისში ჟურნალისტებს შეხვდა და საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.
- ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში გადავიდა, თუმცა ამ სეზონში ჯერ ერთი წუთიც არ უთამაშია. ჰქონდა თუ არა სხვაგან იჯარით წასვლის შანსი და ალისონს ხომ არ შეუცვლია გეგმები გასულ ზაფხულს, რის გამოც მამარდა ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა?
არამგონია, მამარდა ლივერპულში კონკრეტული გეგმის ან დაპირების გარეშე გადასულიყო. ლივერპულს გასულ ზაფხულს იჯარის შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა კატეგორიული უარი თქვეს.
როცა ალისონის დონის მეკარესთან მიდიხარ, რთულია პირდაპირ სათამაშო დროის მიღება და ძირითადში დადგომა, თუმცა გიორგიმ ეს კარგად იცის და სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.
ლივერპულს ის რამდენიმე თვით ან 1 წლით არ უყიდია და დარწმუნებული ვარ, მომავალში ის გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება.
იქამდე კი, ალისონის გვერდით მას ბევრის სწავლა შეუძლია.
- გასულ ზაფხულს ჟორჟის მონაკოში Here We Go გვქონდა, თუმცა საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა. რა მოხდა ამ ტრანსფერის ამბებზე?
სატრანსფერო სამყარო მოულოდნელობებით არის სავსე. Here We Go არ ნიშნავს რომ ტრანსფერი 100% დახურულია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყოველთვის არის შანსი რომ ტრანსფერი არ შედგეს.
შესაძლებელია, რომ მწვრთნელთან არ გამოუვიდა სწორი კომუნიკაცია. მითუმეტეს, რომ მონაკოში სხვა ფორვარდებსაც უჭირთ თავის გამოჩენა - იგივე ბალოგუნი, რომელიც არსენალიდან იყიდეს. უფრო მეტად თავს ვინგერები იჩენენ ხოლმე.
Here We Go უფრო სიტყვიერ შეთანხმებას გულისხმობს და არა ტრანსფერის 100% დახურვას.
კვარაცხელიას მომავალზე რას იტყვი, როგორ ფიქრობ, რა ელის მას პსჟ-ს შემდეგ?
"პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ საქართველოში ყოფნა და კვარაზე აქედან საუბარი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან იგი ყოველთვის ნაპოლის გმირი იქნება. არის შემთხვევები, როცა იგებენ და იმ მომენტის ლიდერები ავიწყდებათ, მაგრამ რაც კვარამ გააკეთა ეს განსაკუთრებულია და განსაკუთრებულია ის ფორმა, როგორც მან ეს გააკეთა.
იგი გახდა გმირი იმ ქალაქის, რომელშიც, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო მეტი საფეხბურთო ვნებაა. ქალაქისთვის, რომელსაც აღარც კი ახსოვდა, როგორია დიდი ტიტულის მოგება, როგორია სკუდეტოს მოგება. ეს ყველაფერი სამუდამოდ დარჩება და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა, ეს ობიექტური რეალობაა.
რაც შეეხება ჩემს აზრს, როგორც სპორტის ჟურნალისტისა და ფეხბურთის გულშემატკივრის, ამჟამად მსოფლიოში 5-6 ფეხბურთელია, რომელიც რაღაც ისეთს შექმნის, რაც დივანიდან წამომახტუნებს და ზეიმს დამაწყებინებს. კვარა ამას სეზონში სამ, ოთხ და ხუთჯერ აკეთებს.
ის განსაკუთრებულია - ხარისხის გარდა, მისი ინტენსივობა და მენტალიტეტი არის ის, რის გამოც მე ფეხბურთელი მიყვარს. ფეხბურთი საჭმელივით და ღვინოსავითაა, შეგიძლია, შენი ფავორიტი გყავდეს. თქვენ უნდა ამაყობდეთ იმით, რომ ის ამ ქვეყანას წარმოადგენს, არა მხოლოდ მისი ხარისხის გამო, არამედ ყველაფერ იმის, რაც ამ ხარისხს შეადგენს. ბევრი, ბევრი ფეხბურთელისთვის მაგალითია.
ის მხოლოდ საქართველოს გმირი არაა, ჩემი აზრით, ქალაქ ნეაპოლის გმირიცაა და ისეთი ფიგურების გვერდით დგას როგორებიც მარადონა და იგუაინი არიან. დამიჯერეთ, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება“.
მართალია, თქვენგან Here We Go არ მიგვიღია, მაგრამ ბევრი წერს, რომ 2021-ში კრიშტიანუ მან სიტიში გადასვლასთან იყო ახლოს და ყველაფერი სერ ალექსის ზარმა შეცვალა. თქვენი მხრიდან გვსურს ამ ისტორიის მოსმენა, სიმართლეა, თუ არა, რომ რონალდუ სიტიში გადადიოდა?
კი, აბსოლუტური სიმართლეა. რონალდუს მან სიტისთან ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა, სიტი მზად იყო გადაეხადა ის, რასაც იუვენტუსი ითხოვდა.
თუმცა, რონალდუმ კონტრაქტის გაფორმებამდე პაუზა აიღო და დაცდა არჩია, სავარაუდოდ, მანჩესტერ იუნაიტედს ელოდებოდა.
მარტო სერ ალექსი არა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმაც დიდი როლი შეასრულა რონალდუს დაბრუნებაში, რომელსაც კრიშტიანუს თავის გუნდში ხილვა ძალიან უნდოდა.
როგორც წესი, მსგავსი დიდი ტრანსფერები დიდხანს იწელება, აქ კი ყველაფერი 24 საათში დაიხურა - სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეები იყო - იუნაიტედმა გადაიხადა ის, რასაც სიტი იხდიდა და შეთანხმება შედგა.
კითხვაზე მოკლედ რომ გიპასუხოთ: კი, სიტიში მისი გადასვლა რეალური და ძალიან ახლო იყო.
2024 წლის მარტში ტონი კროოსის რეალთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაწერეთ, თუმცა აქედან ორ თვეში ფეხბურთელმა მოულოდნელად კარიერა დაასრულა. რა მოხდა აქ?
როცა საქმე კლუბების მოლაპარაკებას ეხება, სიტუაციაში გარკვევა და ინფორმაციის მოძიება ბევრად მარტივია. განსხვავებული სიტუაციაა, როცა საქმე კლუბსა და ფეხბურთელს ეხება.
შეიძლება, ფეხბურთელმა ერთ დღესაც გაიღვიძოს და დარჩენა გადაიფიქროს, ან პირიქით. ანალოგიური სიტუაცია იყო კროოსის შემთხვევაშიც - კი, ის თავიდან რეალში დარჩენას დათანხმდა, თუმცა როცა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე შორს გავიდა და გაჩნდა შესაძლებლობა, კარიერა ასეთ დიდ ნოტაზე დაესრულებინა, მაშინ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიფიქრა და წასვლა გადაწყვიტა.
სიმართლე გითხრათ, კროოსის წასვლის შესახებ აპრილის შუა რიცხვებიდან ვიცოდი, თუმცა ტონისადმი პატივისცემის გამო არაფერი ვთქვი.
ტონი კროოსი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ. დიდი პატივისცემა მას, ასეთ მაღალ დონეზე ყოფნისას კარიერის დასრულებისთვის.
ნათქვამი გაქვთ, რომ ზოგი ტრანსფერი დიდხანს იწელება, ზოგი კი 24 საათში შეიძლება დაიხუროს. კილიან მბაპეს რეალში გადასვლის ამბები 5-6 წლით გაიწელა. რამდენად დამღლელი იყო და რა გამოცდილება შეგვიძლია გაგვიზიარო ამ ტრანსფერიდან?
6-7 წელი არ ვიცი, მაგრამ 2-3 წელი ნამდვილად გაიწელა ეს ტრანსფერი.
ძალიან დამღლელი იყო, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ტრანსფერების დროს გულშემატკივრებს ურჩევნიათ კარგი ტყუილი მოისმინონ, ვიდრე ცუდი სიმართლე."
2021 წელს მესის ბარსაში დარჩენაზე ამბობდით, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი თავდაყირა დადგა. მოგვიყევით ამის შესახებ.
ბარსელონას მესის დარჩენაზე ოფიციალური განცხადება მზად ჰქონდა. თავად მესიც კონტრაქტის გასაფორმებლად ბარსელონაში იყო ჩასული.
იტალიელი ჟურნალისტის თქმით საბოლოოდ ლა ლიგის რეგულაციების გამო კონტრაქტის გაფორმება ვეღარ მოხერხდა და მესის ბარსას დატოვება მოუწია, რაც მისთვისაც შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო.
დღეს ფეხბურთში ნაკლებად ჩახედულმა ხალხმაც კი იცის თქვენი სახელი. თქვენი აზრით, რამ გაგხადათ ასეთი პოპულარული? თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი ხმაურიანი ინფორმაცია?
მახსოვს, ერთ-ერთი პირველი დიდი სიახლე, რომელიც მოვიპოვე - ზიდანის მეორე წასვლა იყო რეალიდან.
როცა საქმე რეალს და ზიდანს ეხება, ყველაფერი შეიძლება 10 წუთში თავზე დაგენგრეს, თუ შეცდი და არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნე.
ზუსტად ვიცოდი, რომ ზიდანმა რეალის ფეხბურთელთა ჩატში წასვლის შესახებ გამოაცხადა და ამიტომ, გავრისკე და დავწერე. პირველი 10-15 წუთი ძალიან სანერვიულო და რთული იყო, თუმცა შემდეგ ინფორმაცია Marca-მაც დაადასტურა და ამოვისუნთქე.
ასევე, ჩემი კარიერისთვის ერთ-ერთი გარდამტეხი ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერი იყო. ზაფხულში როცა სხვები ამბობდნენ, რომ ბრუნო მანჩესტერში გადავიდოდა, მე ვწერდი, რომ ასე არ მოხდებოდა და საბოლოოდ ის იმ ზაფხულს არც გადასულა იუნაიტედში.
ზამთარში კი ბრუნოს მანჩესტერში გადასვლა გამოვაცხადე და ასეც მოხდა, რის შემდეგაც უფრო გლობალურ მასშტაბზე გავედი. შესაბამისად ბრუნოს ტრანსფერი იყო ის, რამაც მეტი პოპულარობა მომიტანა.
რას ურჩევდით საქართველოს ნაკრებს იმისთვის, რომ ბოლოდროინდელი წარმატება შეინარჩუნოს და წინსვლა გააგრძელოს?
საქართველოში ახალგაზრდა მოთამაშეებს ენდობით, რაც ძალიან კარგია. მოთამაშეებს ნაკრებში ჩამოსვლა უნდა უხაროდეთ.
ამის კარგი მაგალითი არგენტინის ნაკრებია და ასევე 2006 წლის იტალია, როცა მოთამაშეები ნაკრებში სიხარულით მიდიან და რაღაც მიზეზებს არ იგონებენ სანაკრებო მატჩების გამოსატოვებლად.
ახალგაზრდა მოთამაშეების ნდობა კარგია. თქვენ ისეთი ვარსკვლავები გყავთ, როგორიც კვარაცხელია და მამარდაშვილი არიან. თქვენს მოთამაშეებს უნდა გაუფრთხილდეთ და მომავალშიც წარმატება გელით.
გასულ ზაფხულს საიდუმლო ტრანსფერი განხორციელდა, როცა ლუკ დე იონგი პორტუში გადავიდა. ასე კარგად დამალეს პორტუში ინფორმაცია თუ თავადაც იღებდით მონაწილეობას ამ ყველაფერში?
არა, მე მართლა არაფერი ვიცოდი. პორტუს პრეზიდენტ ანდრე ვილაშ ბოაშთან კარგი ურთიერთობა მაქვს. კივიორის და კიდევ რამდენიმე ტრანსფერი თავად შემატყობინა, თუმცა დე იონგზე არაფერი ვიცოდი.ამაზე იმ პორტუგალიელმა ჟურნალისტებმაც არაფერი იცოდნენ, ვისგანაც ინფორმაციას ვიღებ ხოლმე, ამიტომ ეს სრულად საიდუმლო ამბავი იყო.
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები