ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით რეალის პოზიცია გააკრიტიკა.
მისი მტკიცებით, მადრიდული კლუბი პროცესის გაჭიანურებას ცდილობს და ბარსელონაზე მუდმივ თავდასხმებს აგრძელებს.
საქმე ეხება ბარსელონას მიერ ესპანეთის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირასთვის განხორციელებულ გადახდებს.
„ნეგრეირას საქმეს საღეჭი რეზინივით წელავენ. რეალს ჰგონია, რომ ნეგრეირა ყველა სტადიონის მსაჯთა ოთახშია, სადაც თამაშობენ. შევახსენებ მათ, რომ პროკურატურას ჩვენ რეალზე ადრე მივმართეთ“, - განაცხადა ტებასმა.
ლა ლიგის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესის ადრინდელი პოზიციაც გაიხსენა და მისი დამოკიდებულების ცვლილება სუპერლიგის საკითხს დაუკავშირა.
„ნეგრეირას ამბის გახმაურების შემდეგ პერესი კიდევ ექვსი თვე იყო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორთა საბჭოში. საერთო კრებაზე კი თავისი მაშინდელი მეგობრის კლუბს იცავდა, სანამ ბარსელონა სუპერლიგაში იყო. როგორც ჩანს, ყველაფერი იმ დღეს შეიცვალა, როცა ბარსა პროექტიდან გავიდა.
მკაფიოდ უნდა ითქვას: ბარსელონაზე მუდმივი თავდასხმები მიუღებელია. საჭიროების შემთხვევაში კლუბს პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, მაგრამ ამ ეტაპზე ის არაფერშია დამნაშავე. პროცესის გაჭიანურებას კი სწორედ რეალი ცდილობს“, - თქვა ტებასმა.