რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა, პინი ზახავიმ განმარტა, თუ რატომ არ დარჩა მისი კლიენტი ევროპაში და რატომ შეუერთდა ამერიკულ ჩიკაგო ფაიერს.
„ევროპიდან შეთავაზებები იმიტომ არ გვქონია, რომ რობერტს იქ თამაში არ სურდა. ესპანეთში მას მხოლოდ ბარსელონა აინტერესებდა. გერმანია არ განგვიხილავს, ისევე როგორც საფრანგეთი – იქ გადასვლა მას არასდროს სდომებია. ინგლისზე არც გვიფიქრია.
პრემიერ ლიგის კლუბებიდან რამდენიმე ნაცნობი მეკითხებოდა მასზე, თუმცა პირდაპირ ვპასუხობდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. რეალურად მხოლოდ ორი ვარიანტი გვქონდა: პორტუგალია და იტალია. პორტუს პრეზიდენტი ანდრე ვილაშ-ბოაში რობერტს პირადად დაუკავშირდა და დაყოლიებას ცდილობდა. მას მეც ვესაუბრე. კარგად ვიცნობ რობერტს და ვიცი, რასაც ეძებს – მას სურდა ფეხბურთით სიამოვნება მიეღო, ეგრძნო თავი ლიდერად, უყვარდეთ და თავადაც უყვარდეს.
პორტუს ამის მიცემა შეეძლო, თუმცა რობერტი ამ ვარიანტით არ დაინტერესდა. რაც შეეხება იტალიას, მე შევხვდი მილანის ტოპ-ხელმძღვანელობას და ასევე ვესაუბრე იუვენტუსის გენერალურ დირექტორ დამიენ კომოლის. ორივე კლუბისთვის რობერტის ტრანსფერი უდიდესი მოვლენა იქნებოდა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, ლევანდოვსკი მათ ჯიბეს უბრალოდ არ შეესაბამებოდა.
სერია A აღარ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ლიგა, ახლა იქ ძალიან რთული ფინანსური სიტუაციაა.“ - აღნიშნა აგენტმა.