ლიბერტადორესის თასის 2026 წლის ფინალში ბრაზილიურ-არგენტინული დაპირისპირება შედგება.
სატიტულო მატჩში მონაწილეობის უფლება ორივე ფინალისტმა პენალტების სერიით მოიპოვა - პალმეირასმა ფლუმინენსე დაამარცხა, ხოლო ესტუდიანტესმა ფლამენგოს აჯობა.
პალმეირასის მთავარი ვარსკვლავები პარაგვაელი გუსტავო გომესი, ექს-იუნაიტედელი ანდრეას პერეირა და ბარსას ექს-ფორვარდი ვიტორ როკე არიან, ხოლო ესტუდიანტესიდან ვეტერანი ფერნანდო მუსლერა, 2014 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მარკოს როხო და ექს-ინტერესელი ხოაკინ კორეა შეიძლება გამოვარჩიოთ.
2019 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ მე-8 ფინალია, რომელშიც მინიმუმ ერთი გუნდი ბრაზილიურია - ამ 8 ფინალიდან 5 სრულად ბრაზილიური იყო, დანარჩენ 3 შემთხვევაში კი ბრაზილიელთა მეტოქე სწორედ არგენტინული კლუბი გახლდათ.
პალმეირასი ტურნირის 2020 და 2021 წლების გამარჯვებულია, ხოლო ესტუდიანტესი ფინალურ შეხვედრაში 2009 წლის შემდეგ პირველად მონაწილეობს.
ისტორიულად, პალმეირასი ლიბერტადორესის თასის 3-გზის ტრიუმფატორია (1999; 2020; 2021), ხოლო ესტუდიანტესს ტიტული 4-ჯერ აქვს მოგებული (1968; 1969; 1970; 2009).
ლიბერტადორესის თასის 2026 წლის ფინალი 28 ნოემბერს, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში, ლეგენდარულ სენტენარიოს სტადიონზე გაიმართება.
ცნობისთვის, სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირი 7-ჯერ არგენტინულ ინდეპენდიენტეს აქვს მოგებული, 6-ჯერ ტიტული ბოკა ხუნიორსმა მოიპოვა, ხოლო 5-გზის ჩემპიონი ურუგვაული პენიაროლია.
დავამატოთ ისიც, რომ ასევე ბრაზილიურ-არგენტინული ფინალია კონტინენტის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირ კოპა სუდამერიკანაზე - ატლეტიკო მინეირო ტიტულისთვის ბოკა ხუნიოსს 22 ნოემბერს შეხვდება.